როგორ შეიძლება ქრისტიანისთვის მისაღები იყოს LGBTQ პრაიდი თუ აღლუმი და ამა თუ იმ ცოდვის პროპაგანდა? ეს ყოვლადწარმოუდგენელია!

როგორ შეიძლება ქრისტიანისთვის მისაღები იყოს ორგანიზებული ქაოსი, აგრესია, ფიზიკური ანგარიშსწორება, სიტყვიერი შეურაცხყოფა ან ძალადობაზე მოწოდება ცოდვილისადმი? ეს ყოვლადწარმოუდგენელია! – უფალი, როგორც სიმართლის მეუფე (ებრაელთა 7,2-3), უარყოფს ძალადობასა და უსამართლობას (ფსალმუნი 10,5) და გმობს სხვის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას (მარკ. 25, 41-46, იაკ. 2,15-16). მის სამეფოში, რომელიც აისახება და მყოფობს მიწიერ ეკლესიაში, არ არის ადგილი არც სიძულვილისა, არც მტრობისა და არც შეუწყნარებლობისა (ისაია 11,6. რომ. 12,10).

როგორ შეიძლება ეკლესია იმპერატიულად ერეოდეს სახელმწიფოს საქმეებში და ცოდვების კრიმინალიზებას ითხოვდეს, როცა ეს მისი ბუნებისათვის უცხოა?! ეკლესიამ უნდა იქადაგოს ჭეშმარიტება, ილოცოს და ხალხს პირადი მაგალითი მისცეს მისივე იერარქიული დასის ზნეობრივი სიჯანსაღით. შესაბამისად, ჯერ საკუთარ წიაღში უნდა აღმოფხვრას მამათმავლობის ლობი საპატრიარქომ!

ხშირად გაიგონებთ იმგვარ განცხადებასა და მოწოდებას, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: “ბერი (მღვდელი) იქ უნდა იდგეს, სადაც ერი დგას!” როგორც მინიმუმ, მსგავსი ლოზუნგი თუ გზავნილი ქრისტიანული სწავლა-მოძღვრების მიმართ აბსოლუტურ გაუცხოვებასა და უცოდინრობაზე მეტყველებს. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ნომინალური ქრისტიანის (ეკლესიური, ან ნათელღებული ადამიანი) რწმენა უნდა იდგეს წმ. წერილის, წმ. დიდი სჯულისკანონის, საღვთო გარდამოცემისა და პატრისტიკული მემკვიდრეობის საფუძვლებზე! ამას ეწოდება ქრისტოცენტრული რწმენა, რომელიც ჭეშმარიტია! დიახ, ეკლესია უნდა იდგეს არა ერის რომელიმე კომპაქტურ ჯგუფთან, არამედ სახელდობრ ჯვარცმულ ქრისტესთან და შესაბამისად იგი არ უნდა ცდილობდეს საზოგადოების სტიგმატიზებასა და სეგრეგაციას, განურჩევლად იმისა თუ რომელია მეტად ცოდვილი, რომელი ზნეობრივი, რომელი წმინდა და რომელი ამორალური! ეკლესიის მისია არის სასუფევლისეული, მაცხოვნებელი იდეალების სიტყვით თუ საქმით ქადაგება, სიჯანსაღისაკენ მოწოდება და ლოცვა, ხოლო უშუალოდ განსჯა – პრეროგატივა და ფუნქციაა თავად უზენაესი ღმერთისა მხოლოდ!

P.S. მაქვს უფლება არ გავყვე ქართველთმოძულე დუგინის იდეოლოგიური თუ პირადი მეგობრის პოპულისტურ შეძახილებს! არ შევუერთდე იმ ადამიანის ძალადობრივ მოწოდებებს, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს ქრისტიანობაზე და ყველაფერს იდეოლოგიზებული, მესიანისტურ თუ ნარცისულ ნოტაზე უყურებს! ჩემთვის არასოდეს ყოფილა საინტერესო ის ადამიანი, რომელიც რეჟიმზე – რეჟიმის წასვლის შემდეგ აპელირებს, რომელსაც არც საკუთრების, არც სიტყვის და არც სიცოცხლის უფლების დარღვევაზე კრინტი არ დაუძრავს “9 წლის მანძილზე” და დღეს თავს “მამაც გულად” ასაღებს და კავკასიელობაზე საუბრობს! ამასთან, როცა ეკლესია და მისი საპატრიარქო 2010 წელს “რელიგიის შესახებ კანონს” აპროტესტებდა, მაშინაც არ ეცალა ბატონ ლევანს! ამიტომ ისეთი ადამიანები ვინც სიტუაციას კი არ ქმნიან, არამედ ფარისევლურად ერგებიან, ვერასოდეს სიკეთეს ვერ მოიტანენ!

ფსევდოეროვნულ სიმბოლიკებში შენიღბულ პირებს, მათ ელიტიზმს, ცრუარისტოკრატიას, იმპერიალისტურ ზრახვებს, რუსოფილურ კონტენტს ნუ აყვებით! მავანნი ემოციური და საკრალური თემებით მანიპულირებენ საზოგადოებაზე!!!

ღმერთმა დალოცოს ქრისტიანული საქართველო! ღმერთმა გვიხსნას კრემლის ემისრებისგან!

 

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი 

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო – თანამდებობიდან წასვლა ჩემი ინიციატივა იყო
შემდეგი სტატია,,გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არც ერთი საკითხი და პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა”