“მეც და ჩემი ძმაც ვიბრძვით რუსული ავტორიტარული რეჟიმის დასამარცხებლად” – ასე პასუხობს “ერთიანობის” ლიდერი გია ჯაფარიძე კითხვას, როგორ აღმოჩნენ ის და მისი ძმა სხვადასხვა პარტიაში.
ჯაფარიძის თქმით, მასაც და ზურა ჯაფარიძესაც ამოძრავებთ ერთი სურვილი, რომ ივანიშვილის რეჟიმი დაამარცხონ.
“ამ რეჟიმის დამარცხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარეშე არის შეუძლებელი,” – ამბობს ჯაფარიძე. როგორც ჯაფარიძე ამბობს, ამ გაერთიანებაში როგორც უპარტიო პირი ისე შევიდა და არცერთი პარტიის წევრი არ არის.
გია ჯაფარიძის თქმით, პლატფორმა “ერთიანობას” რომ შეერთებოდა მასთან კონსულტაციები გიორგი ვაშაძემ და თინა ბოკუჩავამ გაიარეს.
როგორ ხდება ის, რომ სხვადასხვა პარტიაში იყოს ორი ძმა, ჩვენ შეიძლება მესამე ძმაც რომ გვყავდეს, ის შეიძლება სხვა ფლანგზე ყოფილიყო, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ მეც და ჩემი ძმაც ვიბრძვით რუსული ავტორიტარული რეჟიმის დასამარცხებლად. მას აქვს თავისი მოსაზრებები, მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, ევროპულ პოლიტიკასა და მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ ძმები ყოფილან სხვადასხვა პარტიაში, ამ მხრივ ჯაფარიძეები ნოვაცია არ იქნება, ერთი რამ ვიცით ზუსტად, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს გამარჯვება, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც საქართველოს მიათრევს თავისუფლების, დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ,“ – ამბობს ჯაფარიძე.