როგორ იხსენებს 13 ივნისს “თაიმერის” ჟურნალისტი ეკა წივწივაძე

როგორ იხსენებს 13 ივნისს “თაიმერის” ჟურნალისტი ეკა წივწივაძე

ეკა1

შაბათი საღამო იყო, თბილისში წვიმდა და ოჯახთან ერთად აგარაკზე, ბულაჩაურში ავედი. ღამის მორიგეობა მიწევდა ,,თაიმერზე“ და კომპიუტერი იქაც ჩართული მქონდა. თავიდან ძლიერი წვიმის შესახებ დავდე ინფორმაცია, შემდეგ მერიამ გაავრცელა განცხადება, მოგვიანებით სოციალური ქსელებით პირველი ფოტოები გაავრცელეს უცნობმა პირებმა და საიტზე გადავიტანე. მერე უკვე სრული ქაოსი ატყდა სოციალურ ქსელში, ხალხი დახმარებას ითხოვდა.  სააგენტოს დირექტორი თბილისიდან მაწვდიდა ინფორმაციებს.

ჯერ მერიაში დავრეკე, მერე გარემოს დაცვის სამინისტროს სინოპტიკოსებთან და 11 საათისთვის მივხვდი რომ რაღაც ისეთი ხდებოდა, რომ თბილისში უნდა წამოვსულიყავი.  რაც ადგილზე დამხვდა იმას ნამდვილად არ ველოდი, სრულიად მოუმზადებელი მოკლე ქვედაბოლოთი და სანდლები მეცვა. 12 საათისთვის  უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ვიყავი ფოტოგრაფიც იქვე შევიხვედრე.  სამართალდამცველები უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად იცავდნენ, დატბორილ ტერიტორიასთან ახლოს არ გვიშვებდნენ, მაგრამ ასეთ დროს ხომ გავიწყდება, რომ რიგითი მოქალაქე ხარ და რაღაც ცუდი შეიძლება შენც შეგემთხვეს.  შემოვლითი გზების ძებნა დავიწყეთ,  რომ რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავით დატბორილ ზოოპარკთან ან ვერეს ხეობაში. მიუხედავად ძალიან მცირე ადამიანური რესურსისა თამამად ვიტყვი რომ ტელეკომპანია რუსთავი ორის შემდეგ ყველაზე მეტი ინფორმაცია ჩვენ ,,თაიმერს“ გვქონდა.  თუმცა ეს ისეთი მოვლენა იყო ოპერატიულობა და მასალის სიუხვე რომ არც გიხარია.

ერთხელ პოლიციასაც დავუსხლტდით. დატბორილი გმირთა მოედნის პირველი კადრები ჩემი ფოტოგრაფის ირაკლი კაკაურიძის ფოტოკადრებია. შემდეგ ადგილობრივების დახმარებიდან  ხილიანიდან ესტაკადაზე შემოვლითი გზით ჩავედით.  იქ რაც ვნახე საშინელებათა ფილმის კადრებს გავდა. ცოტა ძნელი დასაჯარებელი იყო რომ ყველაფერი დედაქალაქის შუაგულში ხდებოდა. წაღებული გზა, დახოცილი ცხოველები, წყალი რომელიც ჯერ კიდევ დიდი სისწრაფით მოძრაობდა, ნაფოტების გროვები და ამ შლამში ჩაძირული მანქანები…ესაა კადრები რომლებიც მეხსიერებიდან არასდროს იშლება. ასეთი თბილისის ნახვა საშინელ სიზმარშიც აღარ მსურს!!!

banner
წინა სტატიაშიერთი წელი ჩემი ძვირფასი ქალაქისათვის უმძიმესი დღიდან
შემდეგი სტატიასაბა მეტრეველი – გალობა “ანგელოზთადმი შემსგავსებული”