მაშინ, როდესაც ბელორუსი რეალურად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნაბიჯებს დგამს – თქვენს უწყებაში ნორვეგიის ელჩს მიხეილ სააკაშვილისთვის პრიზის გადაცემის გამო იბარებთ და ბელორუსის ელჩს არ იბარებთ – ამ მოცემულობაში, თქვენ როგორ იცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს? – ამ კითხვით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მიმართა, რომელსაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
აქუბარდიას თქმით, ის პარლამენტში მინისტრის მოსმენამდე დარჩიაშვილის ანგარიშს გაეცნო, სადაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფაქტი ვერსად ვერ იპოვა.
„მე შეგნებულად, თქვენი სრული ანგარიში წავიკითხე და ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ვერსად ვიპოვე ანექსიის ფაქტი რუსეთის მხრიდან, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების. მე თქვენგან 7 თვე დამჭირდა, რათა მომესმინა, რომ ბიჭვინთის ანექსიის პროცესი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ე.წ. ხელშეკრულებით -უკანონოა. აქედან გამომდინარე, კითხვა მაქვს, მაშინ, როდესაც თქვენ ანექსია ანგარიში მოხსენიებული არ გაქვთ და საუბრობთ სუვერენიტეტზე და ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არა მხოლოდ ოკუპაციას, ანექსიისკენ ნაბიჯებს დგამს და ბიჭვინთის ე.წ. ხელშეკრულება ანექსიის ფაქტია, ამაზე თქვენ რამე გააკეთეთ თუ არა? მით უფრო იმ ფონზე, რომ 7 თვის განმავლობაში განცხადებაც არ გაგიკეთებიათ. ასევე, მაინტერესებს, მაშინ, როდესაც თქვენ ნორვეგიის ელჩს თქვენს უწყებაში მიხეილ სააკაშვილისთვის პრიზის გადაცემის გამო იბარებთ და ბელორუსის ელჩს არ იბარებთ, მაშინ როდესაც ბელორუსი რეალურად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნაბიჯებს დგამს, ეს ლუკაშენკოს ვიზიტი იქნება, მათ შორის, ეს აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის ვიზიტი მინსკში იქნება. ამ მოცემულობაში, როგორ იცავთ თქვენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს? თქვენ ანგარიში შეხვედრების რაოდენობა ჩამოთვლილი გაქვთ, მაგრამ იმ დემოკრატიის უკუსვლაზე არ საუბრობთ, რის გამოც, თქვენ ნატო გაკრიტიკებთ და ასევე, ვილნიუსის სამიტზეც არ საუბრობთ. საერთოდ რამე მოგითხოვიათ? იმუშავეთ ნატო-სთან, რომ საქართველო არა თუ დაესწროს თქვენი მეშვეობით ვილნიუსის სამიტის ღონისძიებას, არამედ რაღაც პროგრესი საქართველოს ნატო-ში ჰქონდეს?“ – მიმართა აქუბარდიამ საგარეო საქმეთა მინისტრს.