როგორ გეგმავს შსს ძალადობის მაღალი რისკის მქონე ოჯახების მონიტორინგს?!

იქ, სადაც ოჯახში ძალადობის მაღალი რისკია, მინიმუმ სამ დღეში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს მსხვერპლთან და მოძალადესთან კომუნიკაცია, – ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

მისი თქმით, შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან გაკონტროლდება როგორც მოძალადე, ასევე მსხვერპლი.

როგორც ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, მსხვერპლისთვის პერიოდულად მოხდება იმის კითხვა, ხომ არ გრძნობს მოძალადისგან ახალ საფრთხეს, ხოლო მოძალადისთვის იმის შეხსენება მოხდება, ორდერის დარღვევის შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა დაეკისრება მას.

„მონიტორინგის ღონისძებები გულისხმობს იმას, რომ კონტროლდება მოძალადეც და კონტროლდება მსხვერპლიც. მსხვერპლის კონტროლს აქვს ერთადერთი მიზანი – სატელეფონო კომუნიკაციის ან პირადად შეხვედრის გზით რაც შეიძლება ხშირად ვკითხოთ მას, როგორ გრძნობს თავს, ხომ არ გრძნობს მოძალადისგან ახალ საფრთხეს და ა.შ. რაც შეეხება მოძალადეს, ხშირად ხდება მისთვის იმის შეხსენება, რომ თუ ორდერს დაარღვევს, მას დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. მისი მონიტორინგიც ან სატელეფონო კომუნიკაციით ან ბინაზე გამოცხადების გზით ხორციელდება, რაც პოლიციის მხრიდან შეიძლება იყოს მოულოდნელი.

შემაკავებელი ორდერის მაქსიმალური ვადა არის ერთი თვე და შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ხორციელდება მონიტორინგი. იქ, სადაც ძალადობის მაღალი რისკია, მინიმუმ სამ დღეში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს მსხვერპლთან და მოძალადესთან კომუნიკაცია. იქ, სადაც საშუალო რისკია, მინიმუმ ხუთ დღეში ერთხელ და იქ, სადაც დაბალი რისკია, მინიმუმ შვიდ დღეში ერთხელ,“ – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

როგორც შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევაში, პირის პასუხისმგებლობის დამძიმების შესახებ პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც შესაძლოა, საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდეს. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის დანერგილი იქნება ელექტრონული სამაჯურების სისტემაც.

„შემაკავებელი ორდერის დარღვევა პირველ შემთხვევაში წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველს, ხოლო თუ მეორედ დაირღვა იგი, პირს ეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასევე პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ორდერის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის დამძიმებას და პირველივე შემთხვევაში ეს იქნება სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაული. ალბათ, საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი ამ კანონპროექტს დაამტკიცებს.

ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსკენ უკვე უნდა იყოს დანერგილი ელექტრონული სამაჯურების სისტემა და მაღალი რისკის მოძალადეების მიმართ მოხდება ამ სამაჯურების გამოყენება, როგორც მონიტორინგის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა,“ – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატი სასამართლოს საქმის ობიექტურად შეფასებას თხოვს
შემდეგი სტატიაგაერომ მიანმარში მუსლიმების გენოციდი აღიარა