როგორ გახდა ზურაბ ადეიშვილის და ლევან ბეჟუაშვილის ყოფილი სტაჟიორი ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრი?!

ერთმა, ახლა, წინასაარჩევნოდ გამახსენდა და კერძო სექტორში მივდივარო. მეორემ, მოვდივარო და ბრძანა: „განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობით და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“. მორჩა კინო! – ესაა განათლების რეფორმის ანი და ჰაე. ასე დაიწყო ზღაპარი ალექსანდრე წულაძისა, რომლის ბოლო კი არა, თავია “კეთილი”.
ნაცებთან მებრძოლი ბიძინა ივანიშვილი, ვგონებთ, ცალ კარში კი არა ორივე კარში თამაშობს. აბა რას მივაწეროთ, ჩვენი ვანოს კი არა, ჩვენი ზურას (ადეიშვილის) კადრების აღზევება? და თან “რამოტოლა” სიმაღლეზე – “თლათ მინისტრად, სკანი გოლვაფირო”, მააშ!
არადა, ცოტა ხნის წინ, ერთმა “დიდმა პოლიტიკოსმა” ფეხები აბაკუნა და ბრძანა – ევროპა-ამერიკამ ზურაბ ადეიშვილი დამახვედრა “სხოდკაზე”, ეს როგორ გვაკადრესო და გულზე მჯიღი დაირტყა, აგერ, გადავაგორებთ არჩევნებს და ზურას დროც დადგება, ისევე, როგორც ნაცებისო.
თავს არ შეგაწყენთ, მოკლედ მოვჭრით სამართალს: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ირაკლი კობახიძემ ზურაბ ადეიშვილის “ბუდეში გამოჯეკილი” ალექსანდრე წულაძე დანიშნა.

წულაძემ, ყოფილმა უვადო მოსამართლემ ადეიშვილის მინისტრობის დროს აიდგა ფეხი “დიდ ავიაციაში”, სტაჟიორის “ზვანიით”. ამავე “დატვირთვით” და პარალელურ “რეჟიმში” მუშაობდა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში, ლევან ბეჟუაშვილის “პირველი სკრიპკობის” ჟამს.
2004-2005 წლები, პარლამენტსა თუ მის “გარეთ”, ვარდების რევოლუციის შემდგომი 9 წლიანი პერიოდის ყველაზე ვერაგული პერიოდია. ამ დროს “გააუპატიურეს” საქართველოს კანონმდებლობა, სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციული, საოჯახო სამართალი და ასე შემდეგ. ვინმეს გახსოვთ წულაძეს გაეპროტესტებინოს ეს ამბავი? არავის, ხომ? არც ჩვენ!
ესეც ასე, აბა გამოიცანით, რა არის – მიდი-მოდის, იქვე დგას.

 ბერდია კალანდია/www.timer.ge

banner
წინა სტატიაშითიბისი ბიზნესსა და რითეილ ასოციაციასთან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატია“მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის”-ლეიენი