როგორ ებრძოდნენ ძველად სამეგრელოში გვალვას – უცნაური ხალხური რიტუალი

ისეთი ცხელი აგვისტო, როგორც ახლაა, კარგა ხანია, არ ყოფილა. იმისთვის, რომ აუტანელი სიცხისგან თავი დავიცვათ, სპეციალისტები სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობენ. მწველ სიცხეს ჩვენი წინაპრებიც სხვადასხვაგვარად ებრძოდნენ.
ასე, მაგალითად, დიდი გვალვების დროს სამეგრელოში ერთ უცნაურ რიტუალს ატარებდნენ: 5-6 ქალბატონი, თურმე, თმას გაიშლიდა, ქუჩაში დადგებოდა და ისეთ ყვირილს იწყებდა, აი, გასვენებაში რომ იციან ხოლმე. ახლა, გულახდილად რომ ვთქვათ, როცა პაპანაქება სიცხეა, ირგვლივ ყველაფერს ცეცხლი უკიდია და მოსავალი, ხატოვნად რომ ვთქვათ, სულს ღაფავს, გლეხს საქმე, მართლაც, სატირლად აქვს.
ჰოდა, ეს მოტირალი მეგრელი ქალები ქუჩაში მოთქმა-გოდებით რომ დაიღლებოდნენ, მერე, მდინარეზე მიდიოდნენ, თოჯინას „ახრჩობდნენ“ და ტირილს და ვაი-ვიშს აძლიერებდნენ, თან გაიძახოდნენ, შვილი მოგვიკვდა, შვილიო. თოჯინას “ძივავვა” ერქვა.
შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ამ რიტუალის ჩატარებიდან მეორე დღეს, არსთაგამრიგე წვიმას „იმეტებდა“.
ისე, გვალვის საწინააღმდეგ რიტუალს კახეთშიც ატარებდნენ, ოღონდ სამეგრელოსგან განსხვავებით, ქალები კი არ ტიროდნენ, არამედ, ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ, ხელში წყლით სავსე ბოთლები ეჭირათ, წყალს მიწაზე ღვრიდნენ და ბუტბუტებდნენ, აღარ გვინდა გორახი, ღმერთო, მოგვეც ტალახიო.
არ დაიჯერებთ და, უფალი კახელი დიაცების თხოვნასაც ისმენდა და მეორე დღეს გვალვას ავდარი ცვლიდა.
ზოგადად, ხალხურ ტრადიცია-რიტუალებში ბევრია ისეთი დეტალი, რომელიც მეტაფიზიკას ემყარება, ანუ თუ ადამიანი სამყაროს გულწრფელად რამეს სთხოვს, ეს თხოვნა აუცილებლად შესრულდება, რადგან სამყარო ერთგვარი ჯინია, ჯინი, რომელიც ჩვენ გვემორჩილება და ჩვენს ბრძანებებს ასრულებს!
ჰოდა, ვთხოვოთ სამყაროს, რომ კარგი ცხოვრება თუ არ გვეღირსება, გვალვები მაინც გვაკმაროს და წვიმა „გამოგვიგზავნოს“.

banner
წინა სტატიაშიაშშ და ტაივანი სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიაზელენსკი – რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუ რუსული ჯარი დატოვებას უკრაინას