როგორ ცდილობს კრემლი თავისი გავლენის სფეროში ბულგარეთი დააბრუნოს

კრემლი თავისი გავლენების გაძლიერებასა და რუსეთის ორბიტაზე სხვადასხვა სახელმწიფოების შემოტრიალებას მუდმივად ცდილობს და ეს არახალია.

რუსეთის ხელისუფლება სულ იღწვის იმისთვის, რომ იარაღის ჟღარუნით, შიდა ძალების მოსყიდვებით, რბილი ძალით თუ ფინანსური ბერკეტებით ესა თუ ის ქვეყანა თავის „უკანა ეზოდ“ აქციოს. ინტერესები ბევრგან აქვს, განსაკუთრებით პოსტსაბჭოტა სივრცეში. ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული „ტრფობა“ პუტინის რუსეთს ბულგარეთთან აკავშირებს, რომელიც უკვე მრავალი წელია ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.

ბოლო პერიოდში ბულგარეთში ბევრი პოლიტიკური რყევა მოხდა. ქვეყანა მუდმივ საარჩევნო ციებ-ცხელებაშია. როგორც ირკვევა, ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი და ხელისუფლების სხვადასხვა მაღალჩინოსნები კრემლის მიმართ სულ უფრო მკაფიო ლოიალობას იჩენენ.

მაისის დასაწყისში „ბუქარესტის ცხრიანის“ ონლაინ-სამიტში მონაწილეობის დროს, რუმენ რადევი საერთო დეკლარაციას შეუერთდა, რომელშიც რუსეთის ქმედებები იყო დაგმობილი. თუმცა, საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ეს დეკლარაცია ისე გამოაქვეყნა, რომ მასში რუსეთი საერთოდ არ იყო ნახსენები. პრეზიდენტის პრორუსული ორიენტაცია უკვე საყოველთაოდ არის ცნობილი. რადევმა სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან „პოლიტიკური მოტივირებულობის“ მიზეზით გაანთავისუფლა, თუმცა ბულგარელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ კრემლის დაკვეთის შესრულება იყო და შურისძიება იმის გამო, რომ ბულგარეთის დაზვერვის სამსახურმა მიმდინარე წლის აპრილში მძლავრი რუსული ჯაშუშური ქსელი გამოაშკარავა. როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა თქვა-„აწი ბულგარეთში რუს ჯაშუშებს აღარავინ გამოავლენს.“
არა და, 2019 წლიდან 2020 წლამდე ბულგარეთმა უპრეცედენტოდ ბევრი რუსი დიპლომატი გააძევა, რომლებიც ძირითადად ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ. ასევე, დედაქალაქის პროკურატურამ ოფიციალურად, თუმცა დაუსწრებლად ბრალი წაუყენა გრუ-ს სამ თანამშრომელს, „ნოვიჩოკით“, ბულგარელი ბიზნესმენის ემილიან გებრევის მკვლელობის მცდელობაში.

როგორც „ნოვაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთი პუბლიცისტი ამბობს, ბოლო დროს, რუსების ქცევა ბულგარელების მიმართ წააგავს მომენტს, როცა ვინმე ძაღლს ასე მიმართავს -„კარგი ცუგა, კარგი ცუგა!“, თვითონ კი ქვის მოსაძებნად აქეთ-იქით იყურება.
პრეზიდენტ რადევის ჯერ მოკლე, მაგრამ ფაქტიური მმართველობა კრემლის პროპაგანდის აღზევების პერიოდადაც იქცა. კრემლის მოტრფიალეები ცდილობენ ბულგარელები სხვადასხვა ანტიდასავლური ფობიებით შეაშინონ. სულ უფრო ძლიერდება ორგანიზაცია „რუსოფილების“ გავლენები, ხოლო მისი ხელმძღვანელი ნიკოლაი მალინოვი, რომელიც 2 წლის წინ ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილი, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სულ უფრო აქტიურად მონაწილეობს.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის აპრილში ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა 2014 წელს, ქალაქ ვრბეტიცაში, იარაღის საწყობების აფეთქებების მოწყობაში. ამ საქმეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს უკვე ყველასთვის ცნობილ გრუ-ს თანამშრომლებზე, პეტროვზე და ბოშიროვზე, რომლებსაც მანამდე ბრიტანული დაზვერვა სერგეი სკრიპალზე და მის ქალიშვილზე თავდასხსმაში ადანაშაულებდა. ამ ბრალდებების პარალელურად, ჩეხეთმა საკუთარი ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა, რომლებიც ასევე ჯაშუშებად გამოაცხადეს. ჩეხეთთან სოლიდარობის გამოსახატავად, რუსი დიპლომატები გააძევეს სლოვაკეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. აპრილის ბოლოსვე, ერთი რუსი დიპლომატი გააძევა ბულგარეთმაც. თუმცა, პრეზიდენტი რადევი ბოლომდე დუმილს ინარჩუნებდა, ხოლო როცა იძულებული იყო კომენტარი გაეკეთებინა, აღშფოთება არა კრემლის მავნე ქმედებებით, არამედ საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურების მიმართ გამოხატა.

მან მალევე მთავრობის დაკავებული თანამდებობებიდან ის წევრები გაანთავისუფლა, რომლებსაც პროდასავლური ხედვა ჰქონდათ და ისინი რუსეთის მიმართ სიმპატიებით განწყობილი ფიგურებით ჩაანაცვლა. პოლიტიკური ლანდშაფტის შესაცვლელად ასეთი ნაბიჯების გადადგმა მაშინ, როცა ეს ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის წევრია და წლების განმავლობაში დიდძალ ფულად დახმარებას იღებდა ამ გაერთიანებებისგან, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ კრემლი ბულგარეთს ისევ თავისი ორბიტისკენ მიათრევს.
ამგვარად ჩანს, რომ რუსეთი მრავალმხრივ ინსტრუმენტებს იყენებს იმისათვის, რომ ბალკანეთის სახელმწიფოები, რომლებმაც უკვე დიდი ხანია ევროპასთან ინტეგრაცია აირჩიეს, თავისი გავლენის ქვეშ დააბრუნოს.
ერთ-ერთი ასეთი მცდელობა ხომ მონტენეგროშიც იყო. 2016 წელს რუსეთის სპეცსამსახურებმა ორგანიზება გაუკეთეს მონტენეგროს მთავრობის დამხობასა და პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობას. სწორედ იმ დროს მონტენეგრო ნატოში გაწევრიანებისთვის ემზადებოდა, კრემლი კი შეიარაღებული პუტჩის მოწყობასაც კი არ მოერიდა. საბედნიეროდ არაფერი გამოვიდა და სისხლიანი გადატრიალება არ შედგა.
გავიხსენოთ 2020 წელი, როცა მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. კრემლმა იქ მრჩევლები და სპეცსამსახურის ოფიცრები გაგზავნა, რათა მოლდოველების არჩევანზე გავლენა მოეხდინა და პრორუსულ პარტიებს დახმარებოდა. ამ მცდელობებმაც უშედეგოდ და წარუმატებლად ჩაიარა, მოლდოველებმა ის არჩევანი გააკეთეს, რომელიც მათი ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა და კრემლის მიერ მართული პარტიების მხარეს არ დადგნენ. მართალია, კრემლის უძლეველობის მითი ჯერ კიდევ ბევრგან მუშაობს, თუმცა თუ მსგავს პროცესებს დავაკვირდებით, ის ქვეყნები, რომლებიც დასავლური განვითარების გზას ირჩევენ, კრემლის კლანჭებისგან თავის დახსნას წარმატებით ახერხებენ.

ავტორი: ლევან ხიდაშელი

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – განსხვავებული მოსაზრება მაქვს, რაც მეგობარი საელჩოებისთვისაც იყო ცნობილი
შემდეგი სტატიაზარქუა – სააკაშვილი ჩამოსასვლელად თუ მზად არის, ხვალვე ჩარტერს გავუგზავნით, შემდეგ იქ აღმოჩნდება, სადაც საჭიროა