როგორ ცდილობენ თბილისის გენგეგმის ხანძრებით „გაპრავებას“ – სკანდალური ვერსია 

ისეთი პირი უჩანს, რომ მრავალჭირნახულმა ქართველებმა შეიძლება, მალე სარწმუნოება შევიცვალოთ და მაზდიანდები გავხდეთ. ხუმრობა იქით იყოს და, თბილისს ცეცხლი ზომაზე მეტად შეეჩვია – კვირა კი არა, დღე არ გავა, ხანძარმა რომელიემ ბაზრობაზე ან ტყის მასივში არ იფეთქესო. ოფიციალური სტრუქტურები ამ ყველაფერს იმით ხსნიან, რომ ცხელი ზაფხულია და ცეცხლიც ამიტომ ჩნდება, მაგრამ სკეპტიკოსები მიმდინარე მოვლენებს სხვა თვალით უყურებენ და ეჭვობენ, რომ ხანძრების კვალი შესაძლოა, დიდი პოლიტიკამდე, უფრო ზუსტად, ვინმეს ბიზნესინტერესებამდე მიდიოდეს.
ამ ეჭვს არსებობის უფლება აქვს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ უმეტესად ბაზრობები იწვება. ასე, მაგალითად, ორი დღის წინათ ხანძარი ისნის ბაზრობაზე იმ ადგილას გაჩნდა, სადაც ავტომანქანების ე.წ. დაშლილ ნაწილებს ყიდიან.
მანქანების ბაზრობას ცეცხლი, დაახლოებით, სამი კვირის წინ, ელიავას ტერიტორიაზეც გაუჩნდა.
ამ ორ ხანძარს შორის, ერთი შეხედვით, კავშირი არ არსებობს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ორივე შემთხვევაში ნაპერწკლიდან ცეცხლი მას შემდეგ ავარდა, რაც თბილისის მერიამ გაურკვეველი წარმომავლობის ორგანიზაციის „სიტი ინსტიტუტ-საქართველოს“ მიერ შედგენილი თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის ე.წ. სახალხო განხილვები დაიწყო.
ზოგადად, „სითი ინსტიტუტუტი-საქართველოსა“ და თბილისის მერიის შესაძლო კორუფციულ კავშირებზე ქართული მედია ყურადღებას ბოლო დროს ხშირად ამახვილებს. ამ მხრივ კი ყველაზე ბევრ კითხვის ნიშანს ის 2 მილიონ 800 ათასი ლარი იწვევს, რომელიც „სიტი ინსტიტუტს“ გენგეგმის პროექტის შედგენისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან, პრინციპში, უკონკურსოდ, ანუ კანონდარღვევით მისცეს.
პირადად მე, მაინტერსებს, ეს „სითი ინსტიტუტი-საქართველო“ რა ორგანიზაციაა ან იგივე არქიტექტურაში რა გამოციდლება აქვს, რომ ხელისუფლება ამხელა დარღვევაზე წავიდა და თბილისის გენგეგმის შექმნის უფლება პირდაპირი შესყიდვის წესით მისცა?
მესმის, რომ რამე ფორსმაჟორული ვითარება ყოფილიყო და „სითი ინსტიტუტისთვის“ ბიუჯეტიდან ამხელა თანხის მიცემაც გადაუდებელი აუცილებლობით აეხსნათ, მაგრამ გეკითხებით, გენგეგმის პროექტის შექმნა რა გადაუდებელი აუცილებლობ იყო, მით უმეტეს, მაშინ, როცა ის ე.წ. დოკუმენტი, რომელიც ამ კომპანიამ წარმოადგინა, არანაირი გენგეგმა არ არის,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბროს დროს სუბიექტი, რომელსაც არქიტექტურული კუთხით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
ამასთან, როგორც საქმეში ჩახედული სხვა ადამიანები ამბობენ, „სითი ინსტიტუტ-საქართველომ“ ე.წ. გენგეგმის პროექტი ისე შექმნა, რომ საკადასტრო რუკებისთვის ყურადღება არც მიუქცევია.
აი, ამ დეტალის და აგრეთვე, სხვა ნიუანსების გათვალისწინებით, შემიძლია, ვივარაუდო, რომ ეს ე.წ. გენგეგმა ვიღაცების კერძო ბიზნესინტერსებზეა მორგებული. ამ ეჭვს ისიც მიმყარებს, რომ ბაზრობების დაწვა თბილისში ძალიან გახშირდა. მესმის, რომ ზაფხულია, ცხელა და ნებისმიერმა დაუდევრობა შეიძლება, ხანძარის საბაბი გახდეს, მაგრამ ცეცხლი მაინცდამაინც იმ ბაზრობებს რატომ ირჩევს, რომელი ბაზრებობებიც „სითი ინსტიტუტმა“ სეკვესტრში მოაქცია და გაიძახის, ამ ადგილებში რეკრეაციული ზონები უნდა მოეწყოსო?“ – აღიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს რესპონდენტი, რომელიც გარკვეული მოსაზრებების გამო, ამ ეტაპზე, ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, თუმცა აქვე დასძენს, რომ ყველა ხანძრის წინ, ბაზრობაზე დასაქმებულებს გარკვეული პიროვნებები ერთგვარ მოლაპარაკებას სთავაზობდნენ.
„ეს ადამიანები არც მალავენ და ღიად ამბობენ, რომ მათთან ვიღაცები მიდოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ სავაჭრო ადგილები დაეცალათ, თორემ პრობლემები შეექმნებოდათ. ბაზრობებზე დასაქმებულებმა ეს შეთავაზება არ მიიღეს და ხანძრებიც სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა. ავიღოთ, იგივე, ისნის ბაზრობა, სადაც რამდენიმე დღის წინ ე.წ. დაშლილების ტერიტორია დაიწვა.
როგროც მე მაქვს ინფორმაცია, სანამ ისნის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდებოდა, ორი-სამი პიროვნება ელიავაზე მოვაჭრეებთან მივიდა და უთხრა, ხომ იცით, ეს ტერიტორია რეკრეაციულ ზონშია მოქცეული. ამიტომ, აქაურობა დაცალეთ და ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ ისნის ბაზრობაზე მოქცემთ ადგილებსო, მაგრამ მოვაჭრეებმა უცნობებს ამაზე უარი უთხრეს.
ახლა, არაფერს ვამტკიცებ და არც შემიძლია, დავამტკიცო, მაგრამ ამ ქვეყანაში ეჭვის გამო ჯერ არავის იჭერენ. ამიტომ, მეც ხმამაღლა ვამბობ ჩემს ეჭვს, რომ ალბათ, წინასწარ იყო გადაწყვეტილი, რომ ისნის ბაზრობიდან რაღაც ფორმით ძველი მოვაჭრეები გაეყარათ, მათ ადგილას კი ელიავას ხალხს გადმოიყვანდნენ და ამით გააჩუმებდნენ. მართალია, ელიავას მოვაჭრეებმა ეს იდეა არ მიიღეს, მაგრამ როგორც ჩანს, გეგმაში ცვლილებების შეტანა ვეღარ მოახერხეს, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ იგივე ისნის ბაზრობა ხანძარი ბუნებრივად გაჩნდა,“ – ამბობს რესპონდენტი.
იმ შემთხვევაში, თუ „თაიმერის“ წყაროს მოსაზრებებს საფუძველი აქვს, მაშინ გამოდის, რომ „სიტი ინსტიტუტ-საქართველოს“ მიერ მომზადებულ თბილისის მიწათსარგებლობის ე.წ. გენგეგმის „გაპრავებას“ ვიღაც ხანძრებით ცდილობს.
ზოგადად, ხანძარი და ნებისმიერი სტიქიური უბედურება ისეთი მოვლენაა, რომელსაც ყველაფრის გარეცხვა შეუძლია და იგივე გამოძიებასაც კვალს მშვენივრად აურევს, თუმცა მაინც კარგი იქნება, მომხდარზე ობიექტური გამოძიება ჩატარდეს, რომელიც რაღაცანაირად დაუსვამს წერტილს მოარულ ხმებს, ანუ გვეცოდინება, ხანძრები მართლაც, თავისით ჩნდება, თუ ცეცხლით გარკვეული ჯგუფები პირად ბედნიერებას იწყობენ?!

 

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
შემდეგი სტატიასაქართველოს ხანძართან ბრძოლაში თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან დახმარება ექნება