როგორ ავირიდოთ კიბერინციდენტები – საჯარო ლექცია ტექნიკური უნივერსიტეტში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „უსაფრთხო ინტერნეტის’’ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით ქვათაძემ კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიების საბაზო საკითხებზე ისაუბრა. წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე –

საჯარო ლექცია – „კიბერჰიგიენა და CERT.GOV.GE-ის სერვისები“, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, „ინტერნეტ საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ხელშეწყობით ჩატარდა.

როგორც მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით ქვათაძემ აღნიშნა, კიბერუსაფრთხოების სფეროში მრავალი საფრთხე არსებობს და არაერთი მკათგანია გამოვლენილი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კიბერჰიგიენის საკითხებში სწორი განათლება მიიღონ, როგორც სტუდენტებმა, ასევე, პროფესორ-მასწავლებლებმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, ასევე, ყველა საჯარო სამსახურმა და მათმა თანამშრომლებმა, რადგან სწორედ კიბერჰიგიენის საბაზო საკითხების არცოდნის გამო, შეიძლება სოლიდური ზიანი მივაყენოთ როგორც უნივერსიტეტს, ასევე, ნებისმიერ ორგანიზაციას.

„კიბერჰიგიენის ელემენტარული ცოდნით შევძლებთ, სამომავლოდ გარკვეული პრობლემები ავირიდოთ თავიდან. არავინ დავობს, რომ აუცილებელია უსაფრთხოების გარკვეული ნორმებისა და წესების დაცვა და ეს კიბერუსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებსაც ეხება – პირველ რიგში, მათი ცოდნა და შემდგომ მათი დაცვა უკვე სავალდებულოა. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ მაღალია პრონცენტული მაჩვენებელი იმ კიბერინციდენტების, რომლებიც ე.წ. ინსაიდერების, ანუ შიდა თანამშრომლების გაუნათლებლობით ხდება. სწორედ ასე შეიძლება წარმოიშვას მსხვილი კიბერშეტევები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებში თანამშრომლები იყვნენ მსგავსი ცოდნით აღჭურვილი, იცოდნენ როგორ უნდა იმოქმედონ სოციალურ ქსელებში, როგორ უნდა დაიცვან პირადი ინფორმაცია, ვებგვერდებისა და ელექტრონული მეილების უსაფრთხოება ე.წ. ფიშინგისგან და ამით დაინფიცირების შესაძლებლობებიც მინიმუმამდე დაიყვანონ. ასევე, მნიშვნელოვანია მობილური ტელეფონების უსაფრთხოება, რადგან ჩვენი ტელეფონები დღეს უკვე იგივე ინფორმაციას შეიცავს, რასაც ჩვენი პირადი კომპიუტერები“, – განაცხადა დავით ქვათაძემ .

5 თებერვალს მსოფლიო უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეს (Safer Internet Day) აღნიშნავს. საქართველო წელს პირველად შეუერთდა საერთაშორისო საზოგადოებას და ამ დღის აღსანიშნად, „ინტერნეტ საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის” (ISOC-Georgia) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, კონფერენცია და სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

banner
წინა სტატიაში,,პარლამენტის წვდომა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის უწყებებზე მათ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო გაზრდის”
შემდეგი სტატია,,თხილის ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მნიშვნელოვანია დარგის სტიმულირება”