ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე- ომბუცმენის ანგარიში

news
ავტ.: news მაისი 3, 2016 16:44

ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე- ომბუცმენის ანგარიში

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში მიმოხილულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებრივი მდგომარეობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გრძელდება ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, როგორიცაა სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და გადაადგილების უფლებები. რეგულარული ხასიათი აქვს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და სხვა.

სხვა სტატიები

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში მიმოხილულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებრივი მდგომარეობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გრძელდება ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, როგორიცაა სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და გადაადგილების უფლებები. რეგულარული ხასიათი აქვს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და სხვა.

გალის რაიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას მშობლიურ ენაზე განათლების უფლებისა და მისი ხელმისაწვდომობის პრობლემა. 2015-2016 სასწავლო წლიდან გალის რაიონის იმ 11 სკოლაში, სადაც სწავლება ჯერ ისევ სრულად ქართულ ენაზე მიდიოდა, 1-4 კლასებში სწავლა რუსულ ენაზე გადავიდა, ხოლო დანარჩენ კლასებში შემცირდა ქართული ენისათვის დათმობილი საათები. ამ ცვლილების გამო რამდენიმე ოჯახი იძულებული გახდა მშობლიურ ენაზე სწავლის გასაგრძელებლად ბავშვები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოეყვანა. სწავლების რუსულ ენაზე გადასვლამ ასევე მნიშვნელოვნად გააუარესა განათლების ხარისხი.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ჟენევის დისკუსიის მონაწილეებსა და საქართველოს პარლამენტს არ დაიშურონ პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევა გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად, რომელიც უნდა მოიცავდეს, როგორც მოლაპარაკებების დროს ამ საკითხის დაყენებას და საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადოდ ინფორმირებას, ისე საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოჯახში ძალადობა ერთ-ერთ რთულ და, ამავე დროს, საზოგადოებაში ტაბუირებულ პრობლემას წარმოადგენს. არ არსებობს სანდო სტატისტიკა, თუმცა სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ გალის რაიონში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის 129 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 5 მკვლელობით დამთავრდა, ერთი მსხვერპლი კი გაუჩინარდა.

2015 წლის დეკემბერში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სრულად კრძალავს აბორტს აფხაზეთის ტერიტორიაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაყოფი საფრთხეს უქმნის დედის ჯანმრთელობას. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აბორტის აკრძალვა იწვევს არალეგალური აბორტების რაოდენობისა და, შესაბამისად, ქალთა სიკვდილიანობის ზრდას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აბორტის ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალვა წარმოადგენს ქალის ჯანმრთელობისა და პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას.

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველისთვის არაერთი უფლების დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა, დაზარალებულები თავს იკავებენ, როგორც დე ფაქტო ხელისუფლებისათვის მიმართვისაგან, ისე სასამართლოსა თუ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებისაგან, რადგან ეშინიათ მეტი ზიანი არ მიადგეთ მათ და მათ ოჯახებს. მათი თქმით, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება. როგორც მოცემული ფაქტებიდან იკვეთება, გალის მოსახლეობას არ მიუწვდება ხელი სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებაზე, რაც მათი უფლების დარღვევას წარმოადგენს.

ამ პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს ისიც, რომ საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები კონფლიქტურ რეგიონებში შეღწევას ვერ ახერხებენ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაააქტიუროს ძალისხმევა, მათ შორის რუსეთის დარწმუნების გზით, კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო წარმომადგენლობების უზრუნველსაყოფად. ხოლო, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს მაქსიმალური მოქნილობა კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და დაცვის მექანიზმების შესაქმნელად.

news
ავტ.: news მაისი 3, 2016 16:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics