როგორ აკეთებს სახელმწიფო ფულს მკაცრი ნარკოპოლიტიკით

15128509_1261631510527014_1100584098_nლადო სანიკიძე: „არაოფიციალურად საქართველოში 200-დან 300-ათასამდე ნარკოდამოკიდებულია და ერთობლივი „აბლავა“ რომ ჩატარდეს, შეუძლიათ, ციხეში 200 ათასი ადამიანი ერთ დღეს მიაბრძანონ!“

 

პრაქტიკულად, არ არსებობს ნარკოტიკების მხოლოდ მომხმარებელი. ის ხშირ შემთხვევაში, გამსაღებელიცაა, ამავდროულად. ეს არაა მხოლოდ გაყიდვა, არამედ, ის ასევე, გადაცემას, გადაზიდვას გულისხმობს. ასე რომ, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში, ჩემი აზრით, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, უნდა ისჯებოდეს ნარკოტიკების მომხმარებელი“, – ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ქუთაისის მაჟორიტარმა, შსს-ყოფილმა მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა გააკეთა, რასაც საზოგადოების ერთი ნაწილის სერიოზული აღშფოთება მოჰყვა. ამ აღშფოთებულთა შორისაა ადვოკატი ლადო სანიკიძეც, რომელიც ნარჩემაშვილისგან განსხვავებით, მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ნარკოდამოკიდებულს ციხეში არ უნდა სვამდეს. ამასთან, სანიკიძე ამბობს, რომ წამალდამოკიდებულთა კრიმინალებად გამოცხადება ერთგვარი პოლიტიკური იარაღია, რომლითაც ყველა დროის ხელისუფლება ადამიანების მანიპულირებას ახდენს. საერთოდ, ბოლო დროს პოლიტიკურმა სპექტრმა ნარკოტიკების თემა ერთობ გაააქტიურა. ასე, მაგალითად, „გირჩის“ ბელადმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, თუკი ნარკოპოლიტიკა არ გადაიხედება, 31 დეკემბერს, ახალ წლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მარიხუანას პირდაპირ ეთერში დავთესავო. „ნარკოპოლიტიკით, კომუნისტებიდან მოყოლებული, სახელმწიფო აპარატი, კერძოდ, ძალოვანი სტრუქტურები სერიოზულ, ასე ვთქვათ, შედეგებზე გადიან“, – აცხადებს ადვოკატი ლადო სანიკიძე და აქვე, დასძენს, რომ თუკი სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარებას რეალურად ცდილობს, წამალდამოკიდებულებს კი არა, გამსაღებლებს უნდა ებრძოლოს:

 

– ხელისუფლების მაღალი ეშელონების კონტროლის გარეშე ქვეყანაში ნარკოტიკი არც შემოდის და არც გადის. დიახ, ნარკოტიკი ისეთი „ტიპების“ სფეროა, რომელშიც ვიღაცას ადვილად არ ახედებენ.

ნარკობიზნესი მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ შემოსავლიან და სარფიან საქმიანობად  ითვლება, მაგრამ ჩვენთან უმკაცრესი ნარკოპოლიტიკა არსებობს. ამას რითი ხსნი, ლადო?

– მიდგომას, რომ ადამიანის ჯანმრთელობა მისივე უგუნური საქციელისგან დავიცვათ, ბევრი მომხრე ჰყავს. ამიტომ, ბავშვებისა თუ შშმ პირების ნაცვლად, რომლებიც თავიანთ მოქმედებებს ვერ აცნობიერებენ, გადაწყვეტილებებს ხშირად ვიღებთ ხოლმე, მაგრამ სახელმწიფოს მიდგომა, რომ ადამიანი საკუთარი უგუნური მიდრეკილებებისგან დაიცვას, ვთქვათ, იმ მოსაწევის, დასალევისა თუ საჭმლის მიღება აუკრძალოს, რომელიც მის ჯანმრთელობას ვნებს, აბსურდულია.

რატომ?

– როცა ადამიანს რამე აწუხებს, ექიმი წამალს, ან დიეტას უნიშნავს.

ჰოდა, მკაცრი ნარკოპოლიტიკაც შეიძლება, ერთგვარ დიეტად ჩავთვალოთ, არა?

– არა, რადგან დიეტა რჩევაა და ადამიანის გადასაწყვეტია, ამ რჩევას გაითვალისწინებს თუ არა. გავიხსენოთ, მაგალითად, ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი პერსონაჟი, ბულიკა, რომელიც ექიმმა გააფრთხილა, რომ სიმძიმე არ აეწია (არ აეყვანა), მაგრამ ამ გაფრთხილების მიუხედავად, ცოლი ხელში მაინც აიყვანა და ცხოვრებაც დაამთავრა.

ლადო, არ გეწყინოს და ეს, ცოტა არ იყოს, უადგილო პარალელია, რადგან იგივე ცოლის ხელში აყვანა, ნარკოტიკისგან განსხვავებით, მიჩვევას და დამოკიდებულებას არ იწვევს. ისე, შენი პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობ, სახელმწიფოს უმკაცრესი ნარკოპოლიტიკა ხელს რატომ აძლევს, ამით ფულს აკეთებს?

– დიახ, ფულს აკეთებს.

მკაცრი ნარკოპოლიტიკით ფული ოფიციალურად კეთდება თუ არაოფიციალურად?

– ადრე მხოლოდ არაოფიციალურად კეთდებოდა, ახლა კი, ოფიციალურადაც კეთდება. სხვათა შორის, ვიდრე „ნაცმოძრაობა“ ე.წ. საპროცესო გარიგების პრაქტიკას არ დაამკვიდრებდა, ნარკოპოლიტიკით ფული მხოლოდ არაოფიციალურად კეთდებოდა, თუმცა ამ პოლიტიკას ოფიციალური ხარჯი ჰქონდა – ნარკოდამოკიდებულებს იძულებით მკურნალობდნენ.

კანონით, ადამიანი, რომელიც ნარკოტიკს მოიხმარს, ისჯება?

– რა თქმა უნდა, ისჯება, ანუ საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის 273-ე მუხლი კი არ გააუქმა, არამედ, თქვა, არ შეიძლება, მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანს თავისუფლება აღეკვეთოსო, ანუ ჯარიმა ისევ ძალაშია, რაც სასჯელის ერთ-ერთი სახეა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავის დასაბუთებაში კატეგორიულად აქვს აღნიშნული, სახელმწიფოს ჩარევა პირადი ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ქმედების გამო, არ შეიძლება, თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდესო, რაც ყველა სახის ნარკოტიკზე შეგვიძლია გავავრცელოთ და კოლეგიის უმრავლესობა სწორედ ამ აზრზე რომ იყო, განსხვავებული აზრის ავტორის დასაბუთებაც ადასტურებს, რომელმაც ეს მიდგომა არასწორად ჩათვალა, მაგრამ უმცირესობაში აღმოჩნდა.

მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანს, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში, ნარკოტიკის მოხმარება რამდენჯერმე დაუმტკიცდება, ვეღარ დაიჭერენ?

– დიახ, მხოლოდ მოხმარების გამო ვერ დაიჭერენ.

აქედან გამომდინარე, პოლიცია „იძულებულია“, ნარკოდამოკიდებულს „წამალი“ „ჩაუდოს“ და „ბარიგობაც“ „შეტენოს“, არა?

– „ჩადება“ ძალიან სასაცილოა.

რატომ?

– რატომ და, – 260-ე მუხლით, ძალიან ბევრ ნარკოტიკს მცირე ოდენობა არ აქვს, ანუ თუკი ადამიანს ამ სახის ნარკოტიკი აღმოუჩინეს, ავტომატურად დიდ ოდენობად ითვლება. ამიტომ, პოლიცია იმის გარჩევა-დადგენას არასოდეს იწყებს, ადამიანს თუნდაც შპრიცში „გახსნილი“ ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის უნდა თუ მის რეალიზებას აპირებს. მეტიც, ადამიანმა, რომელიც ნარკოდამოკიდებულია, შპრიცი, რომლითაც „წამალი“ გაიკეთა, არ გადააგდო, შეინახა და ამ დროს პოლიციამ გააჩერა, ნარკოტიკის მიღებისთვის 500 ლარით დააჯარიმებს, ჯიბეში ჩადებული შპრიცის გამო კი, რომელზეც ექსპერტიზა იტყვის, ნარკოტიკის, ნოლ რაღაც პროცენტია აღმოჩენილიო, ბრალს ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წაუყენებენ. მოკლედ, ეს უსამართლო კანონია.

დამისაბუთე, რატომ?

– რატომ და, – თუ ნარკოტიკის გამოყენებისთვის მხოლოდ ჯარიმას მახდევინებ, ცარიელი შპრიცისთვის პატიმრობის შეფარდება უაზრობა და დეგენერატობაა!

სისხლის სამართლის კოდექსის ეს, ასე ვთქვათ, რედაქცია როდინდელია?

– როდინდელი და იმდროინდელია, როცა 260-ე მუხლში ზემოხსენებული შესწორება შევიდა.

ამ შესწორების მიზანი ბიუჯეტის შევსება იყო თუ ადამიანების დაჭერა?

– ორივე, თუმცა ამ მუხლის ყველაზე დიდი სიმახინჯე შერჩევითი მართლმსაჯულებაა.

ანუ?

– ანუ ის, რომ არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 200-დან 300-ათასამდე ნარკოდამოკიდებულია. შესაბამისად, თუკი რაღაც ერთობლივი „აბლავა“ ჩატარდება, სავსებით შესაძლებელია, რომ ციხეში 200 ათასი ადამიანი ერთ დღეს მიაბრძანონ!

ეს გასაგებია, მაგრამ შერჩევითი მართლმსაჯულება რატომ ახსენე?

– იმიტომ ვახსენე, რომ ვიღაცასთან, ვისზეც იციან, რომ ნარკოდამოკიდებულია, სამართალდამცავები არ მიდიან, ვიღაც კი, ვისზეც რაღაც ინფორმაცია აქვთ, შეიძლება, ქუჩაში გააჩერონ. სხვათა შორის, ჩვენს საზოგადოებაში ისეთი ნარკოდამოკიდებული „ტიპებიც“ არიან, რომელთაც ვაღმერთებთ და პატივს ვცემთ. მეტიც, ზოგს ტაშს იმ შემთხვევაშიც ვუკრავთ, როცა ვიცით, რომ სიცოცხლე ნარკოტიკის გამო დაამთავრა…

ლადო, 21-საუკუნეში ნარკოდამოკიდებულება უფრო ავადმყოფობად ითვლება, შესაბამისად, ადამიანის იმის გამო გარიყვა, რომ ნარკოტიკზე „ზის“, ერთგვარი დისკრიმინაციაა, არა?

– თუ ნარკოდამოკიდებულება ავადმყოფობაა, მაშინ ადამიანის ავადმყოფობისთვის დასჯა დიდი სისულელეა! მაგალითად, ინსულინის სახელმწიფო პროგრამა არსებობს, მაგრამ სახელმწიფო დიაბეტიანებს აფრთხილებს, ინსულინი მკურნალობის მხოლოდ დამატებითი საშუალებაა და აუცილებლად დიეტაც უნდა დაიცვათო, თუმცა არ აკონტროლებს, ე.წ. დიაბეტიკი დიეტას იცავს თუ არა? ბოლოს და ბოლოს, ამ ინსულინის პროგრამაზე სახელმწიფო ხომ ფულს ხარჯავს და თუკი ადამიანი დიეტას არ იცავს – თავს ღორის მწვადის ჭამით იკლავს, გამოდის, რომ სახელმწიფო ფულს წყალში ყრის და ამისთვის ადამიანი ხომ უნდა დაისაჯოს? სხვათა შორის, ნარკოდამოკიდებული სახელმწიფოს კი არა, საკუთარ ფულს ხარჯავს – წამალს პირადი სახსრებით ყიდულობს.

ჩვენში დარჩეს და, არსებობს შეხედულება, რომ ყველა წამალდამოკიდებული აუცილებლად კრიმინალია, რადგან ფული რომ იშოვოს, იძულებულია, დანაშაული ჩაიდინოს…

– ესეც ტუტუცური შეხედულებაა. სხვათა შორის, წამალდამოკიდებულს კრიმინალთან მხოლოდ ჩვენთან აიგივებენ. ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში წამალდამოკიდებულის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არსებობს – მოუვლელია და მასთან ძმაკაცობა არ გვინდაო. ჩვენთან კი, წამალდამოკიდებულებს საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალებას სახელმწიფო თავისი უხეში ჩარევით ართმევს, ანუ ნარკოთრობის შემჩნევა თავიდანვე შესამჩნევია და თუკი ამ დროს პიროვნებას გვერდით ვინმე დაუდგება, დიდი შანსია, დამოკიდებულებამდე არ მივიდეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ადამიანს საკუთარი უარყოფითი საქციელისგან იცავს და პირველი ნარკოთრობისთანავე კრიმინალად აცხადებს, პიროვნება იძულებულია, ვიდრე მოახერხებს, დაიმალოს და ნარკოთრობას ისე მიეცეს.

ლადო, რისი თქმა გინდა?

– იმის თქმა მინდა, რომ სახელმწიფო ადამიანის გადარჩენას საკუთარ თავზე იღებს და ამ გადარჩენის მიზნით, პირველი, ასე ვთქვათ, გადაცდომისთანავე ციხეში სვამს. სწორედ ამიტომ, ნარკოთრობისკენ მიდრეკილები საზოგადოებას, ანუ ჩვენ, ვისაც მათი გადარჩენა შეგვიძლია, გვემალებიან, რაც ხელს მათ დამოკიდებულებამდე მიყვანას უწყობს. შესაბამისად, ასეთ დროს მკურნალობა ან, სულაც, გამოფხიზლება უკვე რთულია.

სხვათა შორის, არავინ მახსენდება, ვისაც სახელმწიფომ უმკურნალა და „გადაარჩინა“, ანუ ნარკოტიკებს აღარ მიუბრუნდა. რაც მთავარია, არც ისეთი ფაქტი მახსენდება, როცა მშობლებს შვილი სახელმწიფოსთვის „ჩაებარებინოთ“, აჰა, ნარკოდამოკიდებულია, ჩვენ ვერაფერს ვშველით, წაიყვანე და შენ მიხედეო.

ლადო, რამდენი წელია, ადვოკატი ხარ?

– 1992 წლიდან ვადვოკატობ.

ამ მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობ, ციხე ადამიანს ასწორებს?

– რა თქმა უნდა, არა!

აბა, საპყრობილეს შრომა-გასწორების დაწესებულებას რატომ ეძახიან?

– ეს ზღაპარი და ილუზიაა!

ასე რატომ ამბობ?

– საერთოდ, ტერმინი – „თავისუფლების საპატიმრო აღკვეთა“ ჩემთვის პრობლემურია, თუმცა მაშინ, როცა ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი და ამ დანაშაულის სიმძიმეს გრძნობს, პატიმრობას თავისი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს, ანუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პიროვნება ფიქრობს, აქედან გასვლის შემდეგ, დანაშაულს აღარ ჩავიდენო, მაგრამ თუ 7 წელი აქვს მისჯილი და ეს, ანუ მონანიების მომენტი პატიმრობის, ვთქვათ, მესამე წელს დგება, დანარჩენი ოთხი წელი ადამიანი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ მასზე, ვინც ეს ოთხი წელი ზედმეტად მიუსაჯა, შური იძიოს.

ესე იგი, ციხე ხელს შურისძიებას უწყობს?

– რა თქმა უნდა.

ნარკოდამოკიდებული ციხეში ბოროტდება?

– დიახ, ბოროტდება, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დაკავების მომენტში და ციხეშიც აწამებენ, ანუ არ მკურნალობენ – „ლომკით“ გამოწვეულ ფიზიკურ ტკივილს არავინ უხსნის. მოკლედ, სახელმწიფო, რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანის ცხოვრებაში იმიტომ ერევა, რომ გადაარჩინოს, სინამდვილეში, ნარკოდამოკიდებულს აწამებს. გარდა ამისა, ადამიანმა იცის, რომ საკუთარი თავის გარდა, არავისთვის არაფერი დაუშავებია, მაგრამ მაინც ისჯება და ამიტომ, უჩნდება შეკითხვა: რას მერჩიან?

მოკლედ, თუკი ადამიანის ქმედება სხვისი უფლების – ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ან საკუთრების წინააღმდეგ არაა მიმართული, დასჯადი რატომ უნდა იყოს?

ერთი სიტყვით, ლადო, შენი მსჯელობიდან ასეთ დასკვნას ვაკეთებ: ადამიანი შეიძლება, იმიტომ დასაჯონ, რომ ვთქათ, ფილტვების ანთება აქვს და სამკურნალო საშუალებებს არ იღებს, არა?

– დიახ, ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ სახელმწიფო სწორედ ასეთი ლოგიკით მოქმედებს.

ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ მედალს, როგორც წესი, ორი მხარე აქვს, ანუ ნარკოდამოკიდებულებისთვის სასჯელი, თუნდაც ჯარიმა რომ არ არსებობდეს, ადამიანმა შეიძლება, „ფრთები გაშალოს“, მაინც არაფერს მეტყვიანო. ასე რომ, სასჯელი ერთგვარი პრევენციაა. არ მეთანხმები?

– კი ბატონო, მაგრამ ძაღლის თავი სწორედ ამ ერთგვაროვნებაშია დამარხული, ანუ ადამიანები არასოდეს ფიქრობენ, მოდი, იმ დანაშაულს ჩავიდენ, რომელიც თავისუფლების სამი წლით აღკვეთას ითვალისწინებს და არა – იმას, რომლისთვისაც 7 წლით დამიჭერენო. ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი არ საზღვრავს, ციხეში სამი წლით წავიდეს თუ შვიდი. ყველა, ვინც დანაშაულს ჩადის, დარწმუნებულია, რომ ამ დანაშაულს ვერავინ გაიგებს, ან თუ გაიგებს, ვერ დაუმტკიცებენ, თუმცა ამ შემთხვევაში, აუცილებელი მოგერიებით თუ შურისძიებით ჩადენილ დანაშაულს არ ვგულისხმობ…

ლადო, ის პოლიტიკა, რაც ჩვენს სახელმწიფოში არსებობს, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაა თუ ნარკოტიკების რეალიზების ხელშეწყობა?

– ხელშეწყობა, ანუ ჩვეულებრივი საქონლის გასაღების ამბავია – როგორც კი ნარკომომხმარებელი მრავლდება, ნარკოტიკის გასაღებაც იზრდება. როცა ქვეყანაში ცოტა ნარკოდამოკიდებულია, ნარკოტიკიც, ცხადია, ცოტა საღდება.

მაშასადამე, ე.წ. ნარკოოპერაციები ხელს ნარკოდამოკიდებულთა გაზრდას უწყობს?

– დიახ, ასეა. მეტიც, ხელისუფლება ნარკოტიკების ქვეყანაში შემოტანა-გასაღებას არ ებრძვის.

ვერ დაგეთანხმები, ლადო, რომ ხელისუფლება ნარკოტიკების შემოტანა-გასაღებას არ ებრძვის. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, ქართველმა სამართალდამცავებმა რამდენიმე კილოგრამი ძლიერი ნარკოტიკი ამოიღეს…

–  ეს, დაახლოებით, ისეთივე ბრძოლაა, კომუნისტების დროს მაღალჩინოსნები, ანონიმური წერილის საფუძველზე, საკუთარ თავს რომ ამოწმებდნენ ხოლმე.

მოკლედ, ნარკობიზნესის აყვავებისთვის წამალდამოკიდებულების არსებობა აუცილებელია?

–  სწორედ იმიტომ, რომ ნარკობიზნესი აყვავდეს, ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-მოხმარება დანაშაულად უნდა ითვლებოდეს. სინამდვილეში კი, დანაშაული მხოლოდ გასაღებაა, რაც არალეგალური ბიზნესია. ისე, ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი უკანონო სამეწარმეო საქმიანობა დანაშაულია. მაგალითად, ადამიანს, თუკი რეგისტრირებული საწარმო არ აქვს და შაქარს ასე აწარმოებს, ეს შაქარი ჯანმრთელობისთვის ასი პროცენტით სასარგებლოც რომ იყოს, მაინც დაიჭერენ.

ჩემი აზრით, ხალხს ეკონომიკური დანაშაულისთვის ციხეში არ უნდა უშვებდნენ…

– მეც ასე ვფიქრობ…

სხვათა შორის, ნარკოტიკების გამსაღებლები, როგორც წესი, არამომხმარებლები არიან. ყოველ შემთხვევაში, მაშინ, ვიდრე სახელმწიფო ჩაერეოდა, ასე იყო. დღეს კი, ახალი, ასე ვთქვათ, მიდგომა შეიმუშავა.

ვინ შეიმუშავა?

– ვინ და, – ძირითადად, პოლიციამ: ადამიანს, რომელიც შეიძლება, მართლაც ზემოქმედების ქვეშაა, დაიჭერს, მაგრამ ეუბნება, ციხეში არ გაგიშვებ, ოღონდ ნარკოტიკები უნდა გაყიდოო და ამის შემდეგ გასაღების საბაბით „დიდ დაჭერებს“ იწყებს.

ეს პრაქტიკა „ნაციონალების“ დროს დაინერგა თუ მანამდეც არსებობდა?

– ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ „ნაციონალების“ დროს „გაიფურჩქნა“ და დღესაც ასეა.

მოკლედ, თუკი სახელმწიფოს სურს, რომ ნარკოგამსაღებლებს, როგორც კასტას რეალურად ებრძოლოს, გაბედულად და ხმამაღლა უნდა თქვას, ნარკომოხმარება დანაშაული არ არისო.

საუბარი იქითკენ მიგყავს, რომ ნარკობიზნესის ლეგალიზების მომხრე ხარ?

– არ ვამბობ, ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალება მაღაზიაში გაიყიდოს-მეთქი, მაგრამ სისხლის სამართლის ამ დეგენერატული კოდექსით, ადამიანს, რომელსაც ვთქვათ, ხუთი გრამი ნარკოტიკული საშუალება აქვს, 14 წელს უსჯიან, ნახევარი გრამისთვის კი, რომელიც, რეალურად, გასაღებისთვის აქვს, თავისუფლებას 7 წლით აღუკვეთენ, ანუ სასჯელის წლები დოზაშია და არა – მოხმარება-გასაღებაში.

სისხლის სამართლის კოდექსი, რომელსაც „დეგენერატულს“ ეძახი, ვინ უნდა შეცვალოს?

– ვინ და – ჩვენ.

მერე, თქვენ, იურისტები ამ კუთხით რატომ არ აქტიურობთ?

– ერთ ამბავს მოგიყვები, რომელიც 80-იან წლებში მოხდა, როცა ერთ-ერთ ტექნიკუმში ვსწავლობდი: ჩემს თანაჯგუფელს, რომელიც მოჭიდავე იყო, ერთ-ერთი ფინალური შეხვედრა, როგორც იტყვიან, ძალით წააგებინეს და ამის გამო ბალტიისპირეთში, სპარტაკიადაზე ვეღარ წავიდა. სპორტული ცხოვრება სწორედ იმ დღეს დაამთავრა. მანამდე ერთი ჭიქა ღვინოც არ ჰქონდა დალეული, მერე კი, ისეთ „ტიპებს“ დაუმეგობრდა, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარდნენ. ყველაფერი ეს, ცხადია, გამჟღავნდა. ვერ ვიტყვი, მაშინდელი სახელმწიფოს  მიდგომა დღევანდელზე უკეთესი იყო-მეთქი. მოკლედ, გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ კომკავშირიდან კი არა, სასწავლებლიდანაც გაერიცხათ. კომკავშირი ძალიან არ ადარდებდა, მაგრამ არ დავუშვი, რომ სასწავლებლიდან გაერიცხათ.

როგორ?

– როგორ და, – ვთქვი, ეს ადამიანი ჩემი მეგობარია, იცით, აქამდე როგორი ცხოვრებითაც ცხოვრობდა. ახლა რომ გარიცხოთ, მე დილიდან შუადღემდე ლექციებზე უნდა ვიყო, ეს კი სად იქნება, არ მეცოდინება. ამიტომ, იძულებული ვარ, მეგობარი რომ გადავარჩინო, სწავლა მეც მივატოვო და თუ ამისთვის მზად ხართ, კი ბატონო, არაა პრობლემა-მეთქი.

კომკავშირსა და სასწავლებლიდან რატომ რიცხავდნენ?

– იმიტომ რიცხავდნენ, რომ არ უნდოდათ, გალანძღულიყვნენ და სულ არ აინტერესებდათ, ქუჩაში დარჩენილი რას ჩაიდენდა… სასწავლებლის დირექტორის  მოადგილე, რომელიც იდეოლოგიას კურირებდა, პროფესიით იურისტი იყო და განაცხადა, ამ ადამიანს გამოსაცდელი ვადა უნდა მივცეო.

მოკლედ, იმდენი მოვახერხე, რომ ამ ბიჭს სასწავლებელი დავამთავრებინე… სამხედრო სავალდებულო სამსახურში წავიდა და, როგორც იტყვიან, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა, ისიც გააცნობიერა, რომ ერთი პერიოდი საკუთარ თავს სერიოზულად ავნო… ისტორიულზე ჩააბარა და ჯერ ტრენერობა, მერე კი, პოლიციაში მუშაობა დაიწყო. ოჯახიც შექმნა. მერე, აფხაზეთის ომში წავიდა და სოხუმის დაცემამდე იქ იყო. სწორედ ამ დროს დაიჭრა და… ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ თავი აიფეთქა სხვების გადასარჩენად. დღეს კი, თბილისში მისი სახელობის ქუჩაა. ეს ამბავი იმიტომ მოვყევი, რომ ადამიანი, რომელიც თავის დროზე ნარკოტიკს „გაეთამაშა“, გმირი გახდა. მეგობრის გადასარჩენად მონსტრ სახელმწიფოს დავეჭიდე 1983-84 წლებში და 1988-89 წლებიდან, როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო და დემოკრატიულ სახელმწიფოზე ავლაპარაკდით, არ მეგონა, რომ ნარკოპოლიტიკის შეცვლის აუცილებლობას ვერავის გავაგებინებდი!

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, ნარკოტიკებთან, რბილად რომ ვთქვა, კავშირისთვის სასულიერო პირი დააკავეს, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მასთან ერთად მყოფს კი, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ლადო, როგორც იურისტი, რას ფიქრობ, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო?

– ეს სეგრეგაციაა.

ანუ?

– თუ დანაშაულს საფუძვლად საზოგადოებისგან მიუღებელი საქციელი უდევს, მაშინ პირი, რომლის მიმართაც მეტი მოწიწება არსებობს, უფრო უნდა დაისაჯოს. უფრო მარტივად რომ ვთქვა, ის, რაც ბოგანოს არ ეპატიება, არც სასულიერო პირს უნდა ვაპატიოთ! მოკლედ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენიმე სახის დანაშაული იკვეთება, მათ შორის, შერჩევითი მართლმსაჯულება და კანონის წინაშე თანასწორობის დარღვევა. ისე, რიგით ადამიანთან ერთად ნარკოტიკების გამო პოლიციელი რომ დაეჭირათ, მას ბრალს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვისაც წაუყენებდნენ და გაცილებით მკაცრ სასჯელსაც შეუფარდებდნენ…

ესაუბრა ვანო პავლიაშვილი

banner
წინა სტატიაშიეროვნული უშიშროების საბჭომ საგაზაფხულო გაწვევის განახლებას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაშეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან