„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) ახალ კვლევას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ ადგილობრივ თვითმმართველობებში წლების წინ გაუქმებულ, მანკიერ კორუფციულ სქემას აბრუნებს. ორგანიზაციის შეფასებით, ამის თვალსაჩინო მაგალითია ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სადაც საჯარო მოხელეებმა „12 თვეში 15 ხელფასი“ აიღეს.
კვლევის მიხედვით, ხელისუფლებამ გვერდი აუარა 2018 წლის რეფორმას, რომელსაც პრემიებისა და დანამატების გაცემა უნდა შეეზღუდა და ამისთვის ახალი სამართლებრივი ხერხი იპოვა.
„კანონის გვერდის ავლით, მუნიციპალიტეტებმა დაიწყეს ე.წ. ‘ფულადი ჯილდოს’ გაცემა კვარტალში ერთხელ. შედეგად, საჯარო მოხელეები წელიწადში, სტანდარტული 12 ხელფასის ნაცვლად, ფაქტობრივად, 15 ხელფასს იღებენ. ეს არის ძველი, კორუფციული სისტემის რებრენდინგი“, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში, 2024-2025 წლებში, ბიუჯეტიდან ასობით ათასი ლარი დაიხარჯა იმ ჩინოვნიკების „ფულად ჯილდოებზე“, რომელთა ეფექტურობის დამდგენი კრიტერიუმები ბუნდოვანია.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი პრაქტიკა წინასაარჩევნოდ ადგილობრივი ბიუროკრატიის მობილიზებასა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ფლანგვას ემსახურება. TI მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს მუნიციპალიტეტებში ფულადი ჯილდოების გაცემის კანონიერების საკითხი.















