ბაკურიანში შექმნილი რთული ინფრასტრუქტურული ვითარების გამო, სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი, ეკა ორჯონიკიძე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ შექმნილი დისკომფორტი მოსახლეობასა და ვიზიტორებს უქმნის პრობლემებს.
მისი თქმით, შეფერხებები წყლისა და წყალარინების სისტემის მასშტაბურმა რეაბილიტაციამ გამოიწვია, რომელიც 2027 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. სამუშაოების გახანგრძლივება წვიმიანმა ამინდმა და ქვეკონტრაქტორების მხრიდან ვადების დარღვევამ განაპირობა, რის გამოც მოხდა მათი ჩანაცვლება და პროცესში დამატებითი ბრიგადები ჩაერთო.
როგორც ორჯონიკიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, 20 აგვისტოდან ორ დიდ ჩიხში გზის რეაბილიტაცია დაიწყება, ხოლო დაახლოებით ერთ თვეში კომპანია „ბლექ სი“ ცენტრალური მაგისტრალის (შემოვლითი გზიდან დიდველამდე) სრულ განახლებას შეუდგება.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და კონტრაქტორების დაპირებით, ეს პროექტი 1 წელიწადში დასრულდება. პარალელურ რეჟიმში დაიგება გზის საფარიც და მომავალ ზაფხულს ყველაფერი იქნება“, — აცხადებს ეკა ორჯონიკიძე.
ცნობისთვის, ბაკურიანში გადათხრილმა და მტვრიანმა ქუჩებმა სოციალურ ქსელებში ადგილობრივებისა და ტურისტების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, განსაკუთრებით იმის გამო, რომ სამუშაოები პიკურ ტურისტულ სეზონზე ხორციელდება.














