“როდის მოგყავს ცოლი? – როცა გედი გვეტყვის, ვინ მოგყავს? – ვისაც გედი გვეტყვის,” – ხმაური ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე

ბორჯომის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დაპირისპირების გამო სხდომა უკვე რამდენჯერმე შეწყდა. კამათის საგანი კი დღის წესრიგი გახდა, სადაც კომისიების დაკომპლექტების წესი საერთოდ არ იყო შეტანილი და რამაც ოპოზიციას აფიქრებინა, რომ „ქართული ოცნება“ დროის მოგებას ცდილობდა.

ოპოზიციამ დღის წესრიგის გაცნობის შემდეგ გაარკვია, რომ მუდმივმოქმედი კომისიების დაკომპლექტების და თავმჯდომარეების არჩევის შესახებ საკითხები არ იყო შეტანილი.

„დღეს ჩვენ ნათელი მაგალითი დავინახეთ, როდის მოგყავს ცოლი? – როცა გედი გვეტყვის. ვინ მოგყავს? – ვისაც გედი გვეტყვის. აი, ეს იყო დღეს აქ და სხვა არაფერი,“ – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა ბორჯომის საკრებულოში, გიორგი გიუაშვილმა.

ოპოზიციამ მმართველ გუნდს გაწერილი გეგმის მიხედვით სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცა. შესვენების შემდეგ კი მმართველმა პარტიამ დღის წესრიგში კიდევ ერთი პუნქტი დაამატა.

თავად სხდომაც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რაც დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიების შემადგენლობის დამტკიცებას მოჰყვა. „ქართული ოცნება“ ითხოვდა, რომ ამ კომისიების შემადგენლობაში მმართველი გუნდის თითო-თითო წარმომადგენელი ყოფილიყო.

საბოლოოდ კი, პროტესტის ნიშნად, უმცირესობაში დარჩენილმა „ქართულმა ოცნებამ“ სხდომათა დარბაზი საერთოდ დატოვა და კომისიების დაკომპლექტებას ოპოზიცია დამოუკიდებლად განაგრძობს.

ამ წუთებში სხდომა შეჩერებულია, რადგან მმართველი გუნდის წევრები კაბინეტში თათბირობენ. ჯერჯერობით უცნობია, დაბრუნდებიან თუ არა სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშისენაკის საკრებულოს კახაბერ რუსია უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატია“წარმომადგენლობითი ხარჯების 70% გადარიცხულია ქუცნაშვილის კერძო დუქანზე”- თამაზ მეჭიაური