როდის გაიყვანენ პოლიციას რიონის ხეობიდან- ცნობილია, როდის იტყვის მთავრობა პასუხს

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, ლინა ღვინიანიძე 12 ივნისს “ნამახვანჰესის” საკითხთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

ღვინიანიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე, რომელიც 9 საათს გაგრძელდა რთული დისკუსია წარიმართა.

მისი განცხადებით, შეხვედრის მიზანი მედიაციის წინაპირობებზე შეთანხმება იყო, რაც იმ პირობების შესრულებას გულისხმობს, რომელიც, მისი თქმით, მედიაციას სამართლიანს და თანასწორს გახდის და რომელთა მიღწევამდე ფორმალური მედიაციის, ანუ ნამახვანჰესის პროექტის შინაარსობრივი განხილვა ვერ დაიწყება.

ღვიანიანიძის თქმით:

შეხვედრაზე მედიაციის წინაპირობებად დასმული იყო სამი საკითხი:

1. რკინის ბარიკადების მოხსნა და ხეობაში შესვლის თავისუფლება, დიდი რაოდენობის პოლიციის გასვლა ხეობიდან და რეპრესიის შეწყვეტა.

2. პროტესტის დაბრუნება სოფელ ნამოხვანში პირვანდელ ადგილზე და

3. ხეობაში მიმდინარე სამუშაოების სრულად შეჩერება ჰესის საკითხის გადაწყვეტამდე.

შეხვედრის შედეგად შეთანხმება შედგა შემდეგზე:

1. პარასკევამდე (18 ივნისამდე) მთავრობა იტყვის, დააკმაყოფილებს თუ არა პირველ ორ პირობას: გაიყვანს თუ არა ამ რაოდენობის პოლიციას ხეობიდან, მოხსნის თუ არა ხეობის ბლოკირებას და მისცემს თუ არა პროტესტს ნამოხვანში გადანაცვლების შესაძლებლობას;

2. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა ხეობაში სამუშაოების შეჩერებაზე.

3. მხოლოდ ამის შემდეგ გაიმართება მედიაცია, რომელიც ნამახვანჰესის პროექტის ყველა საკითხს შეეხება. მათ შორის, ხელშეკრულებების პირობებს და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

შეხვედრის დიდი ნაწილის რიონის ხეობის მცველების მხრიდან დაეთმო ხეობაში საპოლიციო რეპრესიებს და მათი მხარდამჭერების დევნის და უკანონო დაკავების შემთხვევებს.

ასევე დადგა ხეობაში მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივი ინსპექტირების საკითხი მთავრობის მხრიდან რაც უახლოეს ვადებში უნდა განხორციელდეს.

ასევე შეთანხმდა, რომ მთავრობა ვალდებულია, წარმოადგინოს ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით უნდა შემუშავდეს. ეს იმის ცხადი აღიარება იყო, რომ სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკა საერთოდ არ გააჩნია და ამ პირობებში აშენებს გიგანტურ ჰესებს.

შეხვედრას უნდა დასწრებოდა კომპანია „ენკა“, რომელიც ამდენი თვეა ყველა ეთერში მარტო იმას ამბობს, რამდენად უნდა და მზად არის დიალოგისთვის. „ენკა“ შეხვედრაზე არ მოვიდა.

შეხვედრას ასევე გაურკვეველი მიზეზით არ დასწრებია შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი წარმომადგენელი.

შეხვედრას რატომღაც დამოუკიდებელი დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა ორი ორგანიზაცია გრედა (გიორგი აბრამიშვილი) და ვეგი (მურმან მარგველაშვილი). ჩვენთვის ცხადია რომ ისინი ამ პროექტის ღია ლობისტები არიან ამიტომ მათ (თუ მედიაცია დაიწყო) დამკვირვებლის სტატუსიდან მთავრობის გვერდით უნდა გადაინაცვლონ.

შეხვედრაზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო სახალხო დამცველის წარმომადგენლის როლი რომელმაც კონსტიტუციური უფლებების არაპროპორციული შეზღუდვა დაასაბუთა.

რიონის ხეობის მცველები კი იყვნენ ისეთები როგორც ყოველთვის, გონიერები, მშვიდები, მართლები და თანმიმდვერულები

განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ევროკავშირის მედიატორებს.

ახლა ჯერი მთავრობაზეა”. – აცხადებს ღვინიანიძე.

 

 

banner
წინა სტატიაშიდამშრალი ჭები ინგირში- მოსახლეობას წყალი არ აქვს
შემდეგი სტატიანინოწმინდის პანსიონის საკითხი- საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს