მეუფე დოსითეოსის განცხადებით, 28 აპრილს დასახელდება პატრიარქობის სამი კანდიდატი.
კითხვაზე, – შეიძლება თუ არა, შეიცვალოს ჩანაწერი პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან და განათლებასთან დაკავშირებით? – მეუფე დოსითეოსი პასუხობს, რომ „თავის დროზე გაკეთებული ჩანაწერი დღეს, შეიძლება, სასურველი აღარ ყოფილიყო“.
„იმ დროისთვის რატომ იყო, არ ვიცით. ყველა წესდება დროს პასუხობს და ახალი წესდება როცა შეიქმნება, ის დღევანდელ დღეს უპასუხებს, ალბათ ასე იქნება. სინოდი უფლებამოსილია ბევრ რამეზე, მაგრამ ახლა არ მგონია, მიზნად დაისახოს ის, რაც მის კომპეტენციაში არ არის. სხვა კრება უნდა იყოს, არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის პირობებში უნდა მოხდეს ცვლილებები, ეს ცოტა რთული ამბავია“, – განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.
მეუფე დოსითეოსი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, შეიძლება იყვნენ თუ არა პატრიარქობის კანდიდატები მეუფე ისაია და მეუფე დანიელი.
„დიდი პატივისცემა მეუფეებს, მაგრამ არ ვიცი. მე ერთი ადამიანი ვარ და ჩემი მოსაზრება, უხერხულია, რომ გავაჟღერო. ეს ჩემი პიროვნული, შინაგანი ამბავია და ახლა უხერხულია. კომისიის წევრიც ვარ და არ მაქვს უფლება, ვინმეს მხარი დავუჭირო. როგორც მღვდელმთავარი, სწორია, ჩემი შინაგანი ფიქრები შევინახო“, – განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.

















