როდესაც ვსაუბრობთ, ვინ სად როგორი უარი თქვა ან თანხმობა განაცხადა ვიზიტზე, ბუნებრივია, ამას აქვს ფორმალური პროცედურები, მთავრობა გააკეთებს განცხადებებს და შემდეგ გირჩევთ შეფასებების გაკეთებას – სარჯველაძე

ისეთ თემებზე როდესაც ვსაუბრობთ, ვინ სად როგორი უარი თქვა ან თანხმობა განაცხადა ვიზიტზე, გამგზავრებაზე, დაგეგმვაზე და ასე შემდეგ, ბუნებრივია, ამას აქვს თავისი ფორმალური პროცედურები. ამასთან დაკავშირებით, მთავრობის მხარესაც გაკეთდება განცხადებები და მხოლოდ ამის შემდეგ გირჩევთ, გავაკეთოთ შეფასებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, წინასწარი აჟიოტაჟის გამართვა არ არის საჭირო და აღნიშნა, რომ ინფორმაციისა და განცხადების შემდეგ უნდა გაკეთდეს შეფასებები.

„დღეს საქართველოს რეალურად კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უკლებლივ ყველა კარგი წინაპირობა აქვს საიმისოდ, რომ თუ ვინმეზე მიიღება დადებითი გადაწყვეტილება ევროპის მხრიდან, ეს უპირველესად იყოს საქართველო. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, სხვა პოლიტიკოსები როგორ ხედავენ ამას, ან რაზე დაყრდნობით აკეთებენ ვარაუდებს იმასთან დაკავშირდებით, ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მაშინ როდესაც ყველა წინაპირობაა საიმისოდ, რომ ვთქვათ, თუკი ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეს საქართველოს სახეზეა. ასეთ დროს, ვფიქრობ, სხვა მინარევების შემოტანა დისკუსიაში გამართლებული არ გახლავთ. შეიძლება, ვინმე განსხვავებულად ფიქრობდეს, მაგრამ მე არ ვეთანხმები.

როდესაც ვსაუბრობთ ასეთ თემებზე, ვინ სად როგორი უარი თქვა ან თანხმობა განაცხადა ვიზიტზე, გამგზავრებაზე, დაგეგმვაზე და ასე შემდეგ, ამას ბუნებრივია, აქვს თავისი ფორმალური პროცედურები. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მთავრობის მხარესაც გაკეთდება განცხადებები, რა იყო კონკრეტული ვითარების ამსახველი და მხოლოდ ამის შემდეგ გირჩევთ, გავაკეთოთ შეფასებები. წინასწარ აჟიოტაჟს ნუ გავმართავთ, რადგან მე არ შემიმჩნევია ამ წინასწარი აჟიოტაჟის შემდეგ, როდესაც განსხვავებული სურათი აღმოჩნდება ხოლმე, ვინმესგან მოხდილი ბოდიში. დაველოდოთ განცხადებებს, ინფორმაციას და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში დღეს განაცხადა, „სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს. მე მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია, უკრაინაშიც, რომელთან ერთადაც ვართ ამ საქმეში და, რომლის მადლიერი უნდა ვიყოთ, თუ არა, არ იქნებოდა დაჩქარებული კანდიდატურის პროცესი, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე. ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი. ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია, მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“.

წინა სტატიაშიამერიკიდან გზავნილია ერთგულება საქართველოს წინსვლისა და ევროპული მომავლისთვის, ეს არის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რაც წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის გარანტს – კარა მაკდონალდი
შემდეგი სტატიაარა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს! – ზურაბიშვილი