როდესაც რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება განცხადებები მუქარის ტონით, ეს არის მიუღებელი – აბაშიძე კარასინის განცხადებას ეხმაურება

როდესაც რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება განცხადებები მუქარის ტონით, ეს არის მიუღებელი – ამ განცხადებით, ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება.

გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყებამდე, “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას თქვა, რომ რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს ნატოში შესაძლო დაჩქარებული გაწევრიანების გამო . გრიგორი კარასინის თქმით, საქართველოს ნატოში დაჩქარებული მიღება რუსეთთან ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს. გრიგორი კარასინმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთს არ “აწყობს” ამერიკის სახელმწიფო მდივნის იმ განცხადების ტონი, რომლის დროსაც მაიკ პომპეომ საქართველოს მიერ რუსეთისა და ჩინეთის გავლენების დაძლევის შესახებ ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში ამბობს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები ქვეყნის არჩევანია და მას ვერავინ შეცვლის.

რაც შეეხება კარასინის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, აბაშიძე ამტკიცებს, რომ პორტთან რუსეთს არანაირი შეხება არ აქვს და შეხვდრის დროს ამ თემაზე სუბარიც კი არ ყოფილა.

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით თემა საერთოდ არ განხილულა. არც წინა შეხვედრებზე საერთოდ არ გვისაუბრია. რა კავშირი აქვს რუსეთს ამ პორტთან დაკავშირებით ვერ გეტყვით.

რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს ნატოსთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება, სუვერენული არჩევანი. როდესაც რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება რაღაც განცხადებები მუქარის ტონით, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, ასეთი ტონით მეზობელ ქვეყანას არ უნდა ელაპარაკო,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიასაქმეშ ერთ-ერთი გვარი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა – ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე