როდესაც მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ იყო მუქარის შემცველი წერილი კონკრეტული პირისგან, მან უნდა დაასახელოს დრო, ადგილი, საშუალება და შინაარსი

„როდესაც ამ განცხადების ავტორი ამბობს, რომ იყო მუქარის შემცველი წერილი კონკრეტული პირისგან, მან უნდა დაასახელოს დრო, ადგილი, საშუალება და შინაარსი,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით მდინარაძე გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მან შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

მდინარაძის განცხადებით, როდესაც მამუკა ხაზარაძე თავს იკავებს აღნიშნული წერილის შინაარსზე საუბრისგან, ჩნდება კითხვის ნიშნები.

„სამწუხაროა, რომ ახალი თემის შემოტანით, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ სრული ინფორმაცია, მიუხედავად მცდელობისა, ვერ მივიღეთ, მოხდა მთავარი თემის გადაფარვის მცდელობა. ჩვენ სამწუხაროდ, რამდენიმე კითხვაზე დღეს პასუხი ვერ მივიღეთ და იმედია, რომ მომდევნო პერიოდში გვექნება საშუალება, რომ ამასთან დაკავშირებით მივიღოთ ინფორმაცია, მათ შორის გამოძიების შედეგების მიხედვით. როდესაც ამ განცხადების ავტორი ამბობს, რომ იყო მუქარის შემცველი წერილი კონკრეტული პირისგან, მან უნდა დაასახელოს დრო, ადგილი, საშუალება და შინაარსი. როდესაც ამაზე თავს იკავებს, მეტი კითხვის ნიშნები ჩნდება. მე ვფიქრობ, რომ მამუკა ხაზარაძეს დღეს უნდა დაესახელებინა ამ წერილის შინაარსი, ან უნდა წარმოედგინა თავად ეს განცხადება,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა, რატომ არ მიიტანა მამუკა ხაზარაძემ მუქარის შემცველი წერილი პროკურატურაში ამ დრომდე.

„აღმოჩნდა, რომ პროკურატურაში მან ზოგადად ისაუბრა, თუმცა კონკრეტული მითითებები, ისეთიც კი, როგორიც დღეს გააკეთა, მას პროკურატურაში არ გაუკეთებია. რატომ არ წარადგინა მან პროკურატურაში ეს წერილი დღემდე – ეს კითხვაც დარჩა პასუხგაუცემელი. როდესაც ჩვენი კითხვაც და თხოვნაც მდგომარეობდა იმაში, რომ წარმოედგინა წერილი და უფრო დეტალურად განემარტა, ამაზე ბატონმა მამუკამ, სამწუხაროდ, უარი განაცხადა. ამიტომ ამის იქით ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგს დედის დღე მიულოცეს
შემდეგი სტატიახელისუფლებას ნაღმი აუფეთქდა ხაზარაძის და თიბისი სახით