“როდესაც კითხვებზე პასუხები არ აქვთ, იოლია ვინმეს დააბრალო პოლიტიკური პროექტის ნაწილად ყოფნა” – პასუხი კობახიძეს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „არასამთავრობო სექტორი”, “საიას” ხელმძღვანელი ეხმაურება. სულხან სალაძემ „ქართულ ოცნებას” პრობლემებზე აქცენტის გადატანა ურჩია.

„არასერიოზულია ამ ტიპის შეფასებები სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებით. როდესაც მთავარ კითხვებზე მათ არ აქვთ პასუხები, ყველაზე იოლია ვინმეს დააბრალო პოლიტიკური პროექტის ნაწილად ყოფნა. ეს არ არის სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე პასუხი. ეს არ არის სამართალდამცავ სისტემებში არსებულ პრობლემებზე პასუხი. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება” მმართველობის 6 წლისთავზეც ვერ გასცდა, ყველას და ყველაფრის „ნაციონალური მოძრაობისთვის” დაბრალებას, მათ შორის სამოქალაქო სექტორის „ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოციაციურად დაკავშირებას.

შევახსენებ მათ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ემთხვეოდა ჩვენი შეფასებები დღევანდელი ხელისუფლების, ანუ მაშინდელი ოპოზიციის შეფასებებს. ბუნებრივია, დღეს ხელისუფლება არ დაიწყებდა იმაზე საუბარს, რომ ჩვენი მხრიდან კრიტიკა მაშინ მათთვის მისაღები იყო, მაგრამ მათი ის პასუხი, რომელიც სამოქალაქო სექტორის მიმართ გამოიყენეს და რომელიც გუშინ ყველა მედიასაშუალების პრაიმტაიმში იყო, მოკლებულია დასაბუთებას. მოვუწოდებდი, რომ მეტი აქცენტი გადაიტანონ პრობლემებზე და დაანებონ თავი სამოქალაქო სექტორის ვინმესთან მიკერძოებაზე ძებნას,” -განაცხადა სულხან სალაძემ.

banner
წინა სტატიაშირევოლუციურ ცვლილებას ვნერგავთ, რომელიც 34 ქვეყნის მოქალაქეს საშუალებას მისცემს საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ კომპანიების რეგისტრაცია
შემდეგი სტატიამაია ოთინაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ციხელაშვილი