როცა საუბარია მიხეილ სააკაშვილზე, იქ საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზეც“, ივანიშვილთან ბრძოლაში რომ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია მნიშვნელოვანი სიტყვის თქმა, ამაში ეჭვი ხომ არავის ეპარება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არასდროს ყოფილა პასიური პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ კიდევ თუ გააქტიურდება, ეს იქნება ძალიან კარგი.
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანის ჩართულობა იმ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და რაც უფრო მეტი წინააღმდეგობის ფრონტი გაიხსნება საქართველოში, მით უფრო უკეთესია. ჩვენ კარგად ვხედავთ ახალგაზრდების მაგალითზე, „შეცვალე“, „გაბედე“, „სირცხვილია“, როგორი აქტიურები არიან და როგორ არიან ჩართულები ამ ბრძოლაში. ამ შტაბში, თუ გახდება საშუალება, რომ კიდევ მოვიზიდოთ ახალგაზრდები, ის ხალხი, რომლებიც ჯერ არ არიან აფილირებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, მაგრამ სურთ, რომ იყვნენ ჩართული იმ ბრძოლაში, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის დასრულება ჰქვია, ამან შეიძლება ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს რეჟიმის დამარცხებაში. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი მივა ამ შტაბში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პირველი მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე საკუთარი შტაბის გახსნას გეგმავს.
„პირველი მარტიდან, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე, ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშეც, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა. რა თქმა უნდა, ეს გამოგვივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.