,,როცა საქმე ამა თუ იმ პირის შეწყალებას ეხება, დაინტერესებული ადამიანები დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან “

წყაროს ინფორმაციით, როცა საქმე ამა თუ იმ პირის შეწყალებას ეხება, დაინტერესებული ადამიანები დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და ფინანსურ საკითხებს უშუალოდ მასთან გადიან, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე დეპუტატთან, მათ შორის მასთან კონტაქტზე გავიდა წყარო, რომელიც დაკავშირებულია საადვოკატო წრეებთან.

„წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებით და შუამდგომლობით გვარდება. ამავე წყაროს ინფორმაციით, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა საქმე ამა თუ იმ პირის შეწყალებას ეხება, დაინტერესებული ადამიანები დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და ფინანსურ საკითხებს მასთან უშუალოდ გადიან. ანუ, გადიან საკითხებს, რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ამ წყაროს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად კორუფციულ საკითხებს გადის თუ არა დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ აქვს ვარაუდი, რომ პრეზიდენტის გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება შეუძლებელია. ამ ინფორმაციის წყაროს დასახელებას არ ვაპირებ. ეს ინფორმაცია მივიღე გაუთქმელობის დაპირებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს პროკურატურას პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ძალიან კარგად შეუძლია, გაბუნიას საეჭვო კავშირების დადგენა“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.

banner
წინა სტატიაშიშეწყალების საქმე – მოკლული დავით ოთხმეზურის ოჯახი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
შემდეგი სტატიავიცე-პრემიერი- არ მინდა შევყვე ამ სამწუხარო პოლემიკას ბატონი მამუკას მხრიდან