,,როცა პირი ადამიანებს ასეთ სერიოზულ დაზიანებებს მიაყენებს და გირაოს საფუძველზე გათავისუფლდება, სერიოზულ კითხვებს აჩენს”

ეს ერთ-ერთი ის საქმეა, რომელიც მართლმსაჯულებას სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ერთი სამართალდამცავისა და კლუბ “ბასიანის“ დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული პირის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილებას.

“როცა პირი, ვინც არ უნდა იყოს ის, ადამიანებს ასეთ სერიოზულ დაზიანებებს მიაყენებს და გირაოს საფუძველზე გათავისუფდლება, ვფიქრობ, რომ სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ამით მართლმსაჯულების სისტემას სერიოზული ზიანი ადგება. მათ ადგილას უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდებოდი მსგავს შემთხვევებზე სასჯელის თუ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

თბილისში, კლუბ “ბასიანის“ ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

მიმდინარე წლის 13 იანვარს ბრალდებულმა თბილისში, წერეთლის გამზირზე, კლუბი “ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს, 1979 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, კლუბის დაცვის თანამშრომელს, 1993 წელს დაბადებულ ი.კ.-ს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს, 1976 წელს დაბადებულ თ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

banner
წინა სტატიაში„ბასიანთან“ მომხდარ დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი – არც ერთ დაჭრილს შემავალი ჭრილობა არ აქვს და ატეხილი მითქმა-მოთქმა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაა
შემდეგი სტატია“ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის საკრებულოს სხდომა დატოვა