„როცა მოსამართლეს აგინებენ, ლანძღავენ, ემუქრებიან, ის უნდა იყოს დაცული თავისი მენეჯერი ორგანოსგან“

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნნევს, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით განმარტება თავად საბჭომ უნდა გააკეთოს.

თეა წულუკიანის თქმით, მას განმარტება არ უთხოვია თამაზ ურთმელიძისთვის, რადგან არავის აქვს უფლება განმარტება მოსთხოვოს მოსამართლეს.

„მე განმარტება არ მითხოვია ბატონი ურთმელიძისთვის, რადგან არავის აქვს უფლება განმარტება მოსთხოვოს მოსამართლეს. მე ვთქვი ერთი რამ, რომ მაინტერესებს, იუსიტიციის საბჭო დღევანდელ სხდომაზე თავად რას იტყვის. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მართლმსაჯულების სისტემის მენეჯერი ორგანო გახლავთ და თუკი მართლმსაჯულებაში რაიმე ხარვეზია მან პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებას, თუ როგორ ხდება მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა, არის თუ არა რაიმე ტიპის პრაქტიკული ხარვეზი, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება და მეორე მხარე ამას საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შედეგად გებულობს. რაც მართლმსაჯულების ნაწილში ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები დაისვა, ამ კითხვებს, ორგანიზაციულს თუ სხვა პრაქტიკულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ასევე უნდა აჩვენოს, რომ მას შესწევს უნარი მოსამართლე შეურაცხყოფისა და მუქარისგან დაიცვას.

„განმარტების მოთხოვნის უფლება არავის აქვს მოსამართლისგან, მაგრამ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებას თავისი მოსაზრებები და მომავლის ხედვაც უნდა უთხრას, მსგავსი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე თუ როგორ აპირებს მართლმსაჯულების უკეთესად ადმინისტრირებას“, – აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით, მას კითხვები მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებითაც აქვს.

„მე ამასთან დაკავშირებით მქონდა კითხვები, როგორ ხდება მართლმსაჯულების ადმინისტრირება ისე, რომ მეორე მხარემ გადაწყვეტილების შესახებ არ იცის, არის ეს მართლმსაჯულებაში სისტემური პრობლემა თუ არა. ხარვეზია ისიც, როდესაც მოსამართლეს აგინებენ, ლანძღავენ, ემუქრებიან, ის უნდა იყოს დაცული თავისი მენეჯერი ორგანოსგან, როგორიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მე ვთქვი, რომ ველოდები , რას იტყვის მართლმსაჯულების ხელმძღვანელი, რას იტყვის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც მოსამართლეების დამცველად უნდა გვევლინებოდეს”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიადიგენში არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
შემდეგი სტატია“ეს არ არის კონსტრუქციული,” – კვირიკაშვილი ძმები ყარამანიშვილების განცხადებაზე