,,როცა მმართველობიდან წავალ, ამ ქალაქში მეტი ახალი საბავშვო ბაღი, გზა, ხე დარჩება, მეტი ახალი ევროპული ავტობუსი ივლის”

ინფორმაცია, რომ ხელისუფლებაში თანამდებობაზე ჩემი დარჩენა-არდარჩენის საკითხი განიხილება, მორიგი ჭორია, – განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გადაცემა 2030-ში.

“2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. ოპოზიციას არანაირი საფუძველი არ აქვს, ჩემი გადადგომა მოითხოვოს. შესაბამისად, მე ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, რომელსაც აქტიური მუშაობა სჭირდება. ვაპირებ, მაშინ, როცა ქალაქის მმართველობიდან წავალ, ამ ქალაქში დავტოვოთ მეტი ახალი საბავშვო ბაღი, იყოს მეტი ახალი გზა და გზებზე ახალმა ევროპულმა ავტობუსებმა იარონ, დაირგოს მეტი ხე და იყოს უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა”, – განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, 2 წლის განმავლობაში, თბილისში 560 000-ზე მეტი ხე დაირგო.

“ამ დროისთვის 560 000-ზე მეტი ხეა დარგული. გახარების მაჩვენებელი, მინიმუმ, 80%-ია. თუმცა, კონტრაქტორ კომპანიებს აქვთ ვალდებულება, რომ შემხმარი ხეები ჩაანაცვლონ. მათ ხეების სამწლიანი მოვლა-პატრონობის ვალდებულება ექნებათ. კომპანიებმა შესაბამისი ტერიტორია უნდა გააფხვიერონ და წლის განმავლობაში, ხეები მინიმუმ 20-ჯერ უნდა მორწყონ. შემოდგომაზე 80 000-მდე ხის დარგვას ვფიქრობთ, რისთვისაც, ტენდერი უკვე გამოცხადებულია”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებაში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და, რომლებიც მერის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

“არსად, არასდროს არ მომხდარა, რომ ქალაქის მერს 100%-იანი ნდობა ჰქონდეს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ყველა ეთანხმებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ იმ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც ვაშენებთ, თავისი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა ყველას აქვს. განსხვავებულ აზრს პატივს ვცემთ და ბევრჯერაც გაგვითვალისწინებია”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშინარმანია ნამდვილად მაიმუნი ვირიშვილია, მაგრამ მისი გადაყენების მოთხოვნას არ ვუერთდებით – ნატა ფერაძე
შემდეგი სტატიაკახი კალაძე – საქართველოში ყველა კურორტი უნდა განვითარდეს