როცა ხარ ხელისუფალი, შენზე არის გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა, შეთანხმებისკენ, შერიგებისკენ და არა დაპირისპირების წახალისებისკენ

კანონი ნამდვილად ყველასთვის თანასწორი უნდა იყოს და პირველ რიგში, ამ კანონმა უნდა დასაჯოს ის კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც ხალხის ფულს იპარავს. მათ უნდა მოსთხოვოს გირაოს გადახდაც, ფულის დაბრუნებაც ბიუჯეტში და ამ შემთხვევაში იქნება სამართლიანი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც ვაშაძემ ქუთაისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მელიას საქმე არის დილემა, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა.

„ქუთაისში გაიარ-გამოიარეთ, გუბერნატორიდან დაწყებული მერით გაგრძელებული, ყველა ჩახრჩობილია კორუფციის ჭაობში და კიდევ ხალხის ხარჯზე უნდათ, რესტორნებში სუფრები გაშალონ და უამრავი ფუფუნების საგანი შეიძინონ.

რაც შეეხება მელიას საქმეს, ეს არის დილემა, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა. უსამართლობა ყოველთვის შობს მსგავს დილემებს იმ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც არც მართლმსაჯულება აინტერესებს, არც სამართალი, არც კანონი, უბრალოდ უნდა, იმოქმედოს ისე, როგორც თვითონ უნდა, რომ იმოქმედოს. ვფიქრობ, მელიამ კიდევ უფრო გაუმძაფრა ეს დილემა ხელისუფლებას. ახლა თვითონ უნდა მოიძიონ გამოსავალი ამ საქმიდან“, – განაცხადა ვაშაძემ.

მან კომენტარი გააკეთა პროკურატურის მიერ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობასთან დაკავშირებით პარლამენტის მიმართვაზეც.

„მისცემენ თუ არ მისცემენ ხმას, მე მარჩიელობას არ დავიწყებ, დაველოდები მათ გადაწყვეტილებას. როცა ხარ ხელისუფალი, შენზე არის გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა, შეთანხმებისკენ, შერიგებისკენ და არა დაპირისპირების წახალისებისკენ. სამწუხაროდ, ყველა ნაბიჯი, რასაც „ქართული ოცნება“ დგამს, არის დაპირისპირებისკენ გადადგმული“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვირუსის ბლოკატორები