როცა გინდა შენი შვილი გაათხოვო, არავის ეუბნები, ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო – ზუსტად ეს წერია მარგველაშვილის წერილში – კობახიძე

როცა გინდა შენი შვილი გაათხოვო, არავის ეუბნები, ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო – ზუსტად ეს წერია მარგველაშვილის წერილში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში 2016 წლამდე მოქმედი უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ევროკავშირში გაგზავნილ წერილს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული წერილი ავტორების სიყალბეზე მეტყველებს.

„ამ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანა საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ მაინც უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს მათ სიყალბეზე მეტყველებს და იმაზე, რომ მათი ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი არის ყალბი. როცა გინდა შენი შვილი გაათხოვო, არავის არ ეუბნები, ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო. ეს წერია მარგველაშვილის წერილში ზუსტად – ჩვენი მახინჯი გოგო იქნებ მოიყვანოთ ცოლადო. მახინჯი გოგო არ ვართ, შესაბამისად, ამას ხელს ვერ მოვაწერთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში 2016 წლამდე მოქმედი უმაღლესი თანამდებობის პირები ევროკავშირს წერილით მიმართავენ, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი წერილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს დღეს გადასცა.

„წერილის შინაარსი შემდეგია – ვეთანხმებით მათ მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, მათი შესრულების მიზანშეწონილობას, მაგრამ ვითარების სირთულიდან და რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე გთხოვთ, არ დაშალოთ ტრიო – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, არამედ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი და მოთხოვნები დატოვოთ შემდეგ შესასრულებლად.

წერილს ხელს აწერს 2016 წლამდე მოქმედი ყველა ლიდერი, ვინც დღეს ცოცხალია – პრეზიდენტები, პარლამენტის თავმჯდომარეები. 2016 წლის შემდეგ კი წყდება – 2016 წლის შემდეგ მოქმედი არცერთი პოლიტიკოსი ხელს არ აწერს“,- განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ გიორგი მარგველაშვილმა.

წინა სტატიაშიკობახიზე – რა თქმა უნდა, საქართველოში ოლიგარქები არიან: კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე – ოლიგარქები არიან იქით, აქეთ არ არის არცერთი ოლიგარქი
შემდეგი სტატიაპარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენა დაიწყო