“როცა დამაკავეს ტელეფონით ლუკა ჭოხონელიძის და ცოტნე მირცხულავას დაკავებას ვიღებდი” – “TV პირველის” ჟურნალისტის პირველი კომენტარი

“ნიკა შიუკაშვილს არ დავუკავებივარ” – ამის შესახებ “TV პირველის” ჟურნალისტმა, გიორგი მამნიაშვილმა განაცხადა და დაკავების დეტალები გაიხსენა.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა რა დროსაც ლაშა სალუქვაძემ მის დასაკავებლად ბრძანება გასცა.

გიორგი მამნიაშვილი იხსენებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანაში 4 საათის განმავლობაში ედო ხელბორკილები, დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების დროს კი სრულად გააშიშვლეს.

ინგოროყვას ქუჩაზე ვიყავი, რა დროსაც ჩემი დაკავება მოხდა, ვასრულებდი სამსახურეობრივ მოვალეობას, ვიღებდი ტელეფონით ლუკა ჭოხონელიძის და ცოტნე მირცხულავას დაკავებას. სწორედ ამ მომენტში ლაშა სალუქვაძემ დაიძახა – დაიჭირეთ ეს ადამიანიც და სწორედ ამ მომენტში მოხდა ჩემი დაკავებაც. რა თქმა უნდა, დაკავების დროს, სანამ მანქანაში ავიდოდი ვიდეო ჩართული მქონდა, თვითონ უკვე შესვლის დროსაც, როდესაც მანქანაში შევედი, ამის მტკიცებულებაც არის. ვიდეოში ნათლად ჩანს თუ ვინ დამაკავა, მათი იდენტიფიცირება სავსებით შესაძლებელია და იმის დადასტურება შემიძლია, რომ დღეს წარმოდგენილი მოწმე ვინც იყო სასამართლოზე, ნიკა შიუკაშვილი ნამდვილად არ იმყოფებოდა ჩემი დაკავების მომენტში და ნამდვილად არ დაუდია ხელბორკილები ჩემთვის, უბრალოდ მან შეადგინა შსს-ს კახეთის გზატკეცილის შენობაში ჩემი დაკავების ოქმი, სადაც მან წარმოუდგენელი რაღაცები დაწერა, რაზეც ხელი არ მოვუწერე.

4 საათის განმავლობაში მქონდა ხელბორკილები დადებული, სკამზე უკან მიყუდებული ვიყავი შსს-ს მანქანაში. გადამიყვანეს დიღმის მთავარ სამმართველოში, იქ შესახლების დროს მოხდა ჩემი გაშიშვლება, რომელიც შსს-ს გარკვეულ ტაქტიკადაც აქვს ქცეული.

ჩემ წარმოდგენილ ვიდეოში, რომელიც მე დავურთე ბოლოს სხდომის დასრულებისას, ნათლად ჩანს, რომ არანაირ შეურაცხყოფას არ ვაყენებდი მათ, უბრალოდ ვმუშაობდი და პირიქით მათ შემიშალეს მე საქმიანობაში ხელი და ტელეფონის დაგდებაც სცადეს,” – ამბობს გიორგი მამნიაშვილი.

ცნობისთვის, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ცოტა ხნის წინა, გიორგი მამნიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 3000 ლარით დააჯარიმა.

მოსამართლემ ჯარიმის გადასახდელად მედიის წარმომადგენელს 7 დღიანი ვადა მისცა.
შსს გიორგი მამნიაშვილს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

banner
წინა სტატიაშიროგორ გაინაწილეს საჯარო მოხელეებმა გურიაში სტიქიით დაზარალებულებისთვის გამოყოფილი ფული?!
შემდეგი სტატიაივანიშვილის არანაირი მოლოდინი არ აქვს, რომ $607 მილიონს მიიღებს