“როცა ამბობ, რომ შენობაში არავის შეუშვებ და გამოუშვებ, ეს არის ბლოკირება, თუმცა დაარქვეს პიკეტირება, რათა სპეკულირების საშუალება ჰქონოდათ”

მმართველი გუნდის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ხორციელდება.

თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლება ლეგიტიმურ ძალას იყენებს.

ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ დღევანდელ შემთხვევაში რეალურად საქმე გვაქვს არა პიკეტირებასთან, არამედ განსაკუთრებული ობიექტის ბლიკირებასთან.

„არავის სიამოვნებს რამე ძალის, თუნდაც ლეგიტიმური ძალის გამოყენების ხილვა, ადამიანურად არავის სიამოვნებს. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ხდება ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს არის, როცა ლეგიტიმური ძალის გამოყენების უკიდურესი აუცილებლობაა.

რაც შეეხება ახლა ამ შემთხვევას, როდესაც ამბობ, რომ არავის შეუშვებ შენობაში, არავის გამოუშვებ, რომელიც არის განსაკუთრებული ობიექტი და ამას არქმევ პიკეტირებას, უკვე ატყუებ საზოგადოებას, რადგან ეს არის ბლოკირება, პიკეტირების განმარტება არის აბსოლუტურად სხვა.

როდესაც შენ განზრახვას აანონსებ და შენს აქტივისტებს მოუწოდებ, რომ ხვალ დილიდან იქ ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა, ეს არის ბლოკირება და ამის განხორციელების შემთხვევაში, როგორც იურისტი, გიდასტურებთ, თუ არ ვცდები, 222-ე მუხლია, ასეთი ობიექტების ბლოკირება ისჯება კანონით. მაგრამ, პიკეტირება დაარქვეს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ჰქონოდათ სპეკულირების საშუალება“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“რაც არ უნდა დაგვარბიონ და წყალი გვასხან, პირიქით, უარესი მოუვათ”
შემდეგი სტატიაწყლის ჭავლის გამოყენება ცივ კლიმატურ პირობებში არის სასტიკი მეთოდი – ომბუდსმენი