კომპანია Waymo-მ, რომელიც Google-ის მშობელ კომპანიას, Alphabet-ს ეკუთვნის, ამერიკის 5 ქალაქში თვითმართვადი ავტომობილების სერვისი დროებით შეაჩერა. მიზეზი პროგრამული ხარვეზია, რომლის გამოც რობოტაქსები დატბორილ გზებზე შედიან და იჭედებიან.
აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) ცნობით, სისტემური შეცდომა რობოტაქსებს აიძულებს „მაღალი სიჩქარის გზებზე ჯერ შეანელონ, შემდეგ კი პირდაპირ დაგროვილ წყალში შევიდნენ“. ამის გამო კომპანიამ უკვე გაიწვია 3 800-მდე ავტომობილი.
კრიზისის ქრონოლოგია და მიმდინარე ვითარება:
პირველი ინციდენტი 20 აპრილს, ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში მოხდა. ცარიელი Waymo-ს მარკის მანქანა დატბორილ გზაზე შევიდა და წყლის ნაკადმა ხევში გადააგდო.
ანალოგიური შემთხვევა განმეორდა ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაშიც, სადაც უპილოტო ტაქსი წყალდიდობის გამო შუა გზაზე გაიჭედა.
უსაფრთხოების მიზნით, სერვისი დროებით სრულად გაუქმდა ატლანტასა და ტეხასის ოთხ ქალაქში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოება მათი უმთავრესი პრიორიტეტია, ყოველდღიურად აკვირდებიან ამინდის პროგნოზს და ხარვეზის აღმოფხვრისთანავე განაახლებენ მუშაობას.















