გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის, რობერტ ვუდის განცხადებით, ამერიკას არ ჰქონია წინასწარი ინფორმაცია სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
როგორც რობერტ ვუდმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, ირანმა და მისმა პარტნიორმა ჯგუფებმა თავიდან უნდა აირიდონ რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია.
„ტერორისტები და სხვა შეიარაღებული ჯგუფები, რომელთაგან ზოგიერთს მხარს უჭერს სირიის რეჟიმი და ირანი, სირიის ტერიტორიას ისრაელსა და აშშ-ის ობიექტებზე, ასევე პერსონალზე თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდნენ. ჩვენ არ მოვერიდებით, დავიცვათ ჩვენი პერსონალი და გავიმეოროთ გაფრთხილებები ირანისა და მისი მარიონეტების მიმართ, რომ არ ისარგებლონ ვითარებით. დიპლომატიური დაწესებულების საკუთრებაზე ნებისმიერი თავდასხმა გამოიწვევს შეშფოთებას შეერთებული შტატებისთვის. დიპლომატიური მისიები და მათი ქონება, ისევე როგორც ოფიციალური დიპლომატიური რეზიდენციები დაცული უნდა იყოს, განსაკუთრებით შეიარაღებული კონფლიქტის დროს“, – განაცხადა რობერტ ვუდმა.
ამასთან, გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი გამოეხმაურა ისრაელის მხრიდან ღაზაში საჰაერო თავდასხმას, რომელსაც საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა.
რობერტ ვუდის განცხადებით, ინციდენტი არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რომ ისრაელმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ობიექტებისა და მისი პერსონალის დასაცავად.