რობერტ მორდეხის ძე აჯიაშვილი (ადარი) კარგად არის ცნობილი საქართველოში უფროსი თაობის სპორტულ და ლიტერატურულ წრეებში და თანამედროვე ისრაელში. ჩემი გაცნობა ბ-ნ რობერტთან შედგა 2017 წელს თბილისში, ფილარმონიაში. კომენტატორ -რეკორდსმენმა, საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა, სეოკ-ის აღმასკომის წევრმა, თბილისის საპატიო მოქალაქემ ჯამლეტ ხუხაშვილმა (1944-2023) მითხრა: «თენგო, მინდა გაგაცნო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მაგიდის ჩოგბურთში, პოეტი და საზოგადო მოღვაწე რობერტ აჯიაშვილი».
იმ წელს პოეტი რ.აჯიაშვილი მიიღეს საქართველოს მწერალთა კავშირის წევრად და დაინიშნა ქართული კულტურის დესპანად ისრაელში. 2017 წელს დავით აღმაშენებლის აკადემიამ ბ-ნი რობერტი აირჩია აკადემიის საპატიო პროფესორად, 2019 წლიდან არის მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემიის წევრი, შემდეგ კი გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის პრემიების ლაურეატი.
ბ-ნ რობერტს ბევრჯერ შევხვდი საქართველოში და ერთხელ ისრაელში- 2018 წლის მარტში მან საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს თელ ავივის აეროპორტში ქართველი ებრაელების შესანიშნავი დახვედრა მოუწყო, შემდეგ კი უზრუნველყო ებრაელებისა და ქართველების მობილიზება ვინგეიტში მატჩზე ისრაელის ნაკრებთან ( მოვიგეთ 11:10).
რ.აჯიაშვილი 2018 წლიდან დღემდე არის ისრაელში მოქმედი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის «გულთა კავშირის» პრეზიდენტი. ამასწინათ , ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრე მას.
–თქვენი ნათესავები მონაწილეობდნენ ქართველი ებრაელების უპრეცედენტო აქციებში 1969 და 1971 წლებში, რომლის შედეგად კრემლმა ებრაელთა ნაწილს მისცა ნებართვა დაბრუნებილიყვნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში– ისრაელში?
– ებრაელები 26 საუკუნე ცხოვრობენ საქართველოში, სადაც ყოველთვის იყო მეგობრული დამოკიდებულება ებრაელების მიმართ, ებრაელებისა და ქართველების მრავალსაუკუნოვანი უნიკალური თანაცხოვრება გარდა საქმიანი ურთიერთობებისა შეერთებული იყო წმინდა და მაღალი ადამიანური სიყვარულით. სსრკ-ს და აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ ყოფილ რესპუბლიკაში ებრაელები ასე კომფორტულად არ გრძნობდნენ თავს როგორც ეს იყო საქართველოში, რომელმაც გულით მიიღო ჩემი დევნილი ერი.
იმავე დროს საქართველო ყოველთვის გაგებით ეკიდებოდა ებრაელების სურვილს დაბრუნებულიყვნენ ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში. მოულოდნელი არ იყო ის, 1960-იანი წლების ბოლოს-1970-იანი წლების დასაწყისში ქართველი ებრაელები იყვნენ სსრკ-ში იმ სარისკო მოძრაობის სათავეებში, რომლის მიზანი იყო ისრაელში რეპატრიაციის მიღების უფლება. 1969 წლის აგვისტოში 18 გავლენიანმა და ავტორიტეტულმა ქართველმა ებრაელმა (მათი უდიდესი ნაწილი იყვნენ ქუთაისში მცხოვრები ებრაელები) ხელი მოაწერეს გაეროს ადამიანთა უფლებების კომიტეტში გაგზავნილ წერილს. წერილი ფოსტით არ იყო გაგზავნილი(ინტერნეტი იმ დროს არ იყო-თ.პ.), რადგან სსრკ-ს სპეცსამსახურები არ დაუშვებდნენ მის მისვლას ადრესატამდე. წერილი გაეროში გაგზავნილი იყო მოსკოვში ნიდერლანდების საელჩოს მეშვეობით (ამას სჭირდებოდა მოხერხება-თ.პ.), წერილში იყო თხოვნა-დახმარებოდნენ ებრაელებს რეპატრიაციის უფლების მოპოვებაში. მანამდე, სსრკ სხვა რესპუბლიკებიდან იყო ებრაელების ანალოგიური წერილები საერთაშორისო ორგანიზაციებში, თუმცა მათ არ ჰქონდათ სათანადო რეაგირება. 1969 წლის ქართველი ებრაელების წერილმა დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოში- გაერომ გაავრცელა ის წერილი როგორც ოფიციალური საბუთი, წერილი იყო გადათარგმნილი რამდენიმე ენაზე და დაბეჭდილი მსოფლიოს წამყვან გაზეთებში, გადაიცა დასავლური რადიოსადგურებით. შემდგომში ისრაელის პრემიერ -მინისტრმა და პრეზიდენტმა შიმონ პერესმა(1923-2016) განაცხადა, რომ ქართველი ებრაელების სწორედ ამ წერილმა დიდი როლი ითამაშა მსოფლიო საზოგადოების მობილიზებაში სსრკ-დან ისრაელში ებრაელების რეპატრიაციაში.
– 1969 წელს 18 ქართველი ებრაელის წერილი ისრაელის პრემიერმა გოლდა მეირმა კნესეტში წაიკითხა!
-დიახ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო მეტი, 1970-ინი წლების დასასწყისში გოლდა მეირმა (1898-1978) დიდი ყურადღება დაუთმო ისრაელში დაბრუნებულ ქართველ ებრაელებს. საჭიროა აღვნიშნოთ, რომ იმ წერილის გარდა ქართველმა ებრაელებმა ორგანიზება გაუკეთეს უპრეცედენტო შიმშილობას მოსკოვში- 1971 წლის ივლისში ცენტრალურ ტელეგრაფთან. მოშიმშელეთა მოთხოვნა იყო ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნების უფლების მოპოვება. 1969 წლის ისტორიული წერილის მთავარი ორგანიზატორი იყო ქუთაისში მცხოვრები შაბთაი ელაშვილი (1918-1971) უშიშარი, საქმიანი,კეთილი და ავტორიტეტიანი პიროვნება. (შაბთაი ელაშვილი ოჯახთან ერთად 1971 წლის 5 აპრილს შესაბამისი ნებართვის შემდეგ დატოვა საბჭოთა კავშირი და სახოვრებლად გადავიდნენ ისრაელში, იმავე წლის 19 მაისს ბატონი შაბთაი ისრაელში გარდაიცვალა- ავტორი).
-თქვენც იყავით მოსკოვში იმ შიმშილობის დროს ?
-მოსკოვში იმ შიმშილობის ერთერთი აქტიური მონაწილე იყო ჩემი სიმამრი რაფიელ ბათაშვილი, მეც ვიმყოფებოდი მოსკოვში სიმამრთან, ერთად გვქონდა დაქირავებული ბინა. მე 29 წლის ვიყავი ამიტომ სიმამრი რაფიელი მიფრთხილდებოდა და არ მაძლევდა უფლებას გავსულიყავი აქციაზე, მეუბნებოდა «რობერტ, ახალგაზრდა ხარ, ჩვენ , უფროსები ვაწყობთ ამ აქციას და ვმონაწილეობთ მასში, თუ შედეგი დადგა- კარგი იქნება ყველასთვის,პირველ რიგში ახალგაზრდებისთვის».
ახლაც მახსოვს ის ბინა მოსკოვში, ბინის მდებარეობა და მეპატრონეები. გორკის ქუჩასთან, ტვერსკაია-იამსკაიაზე, ფაინა ისაკოვნასთან დაქირავებულ ბინაში, ჩემს სიმამრთან რამოდენიმე დღე ცხოვრება. მანამდე, ერთი წლით ადრე ჩემმა სიმამრმა გამაცნო ბატონი შაბთაი, ეს იქვე მოსკოვში მოხდა… მე პირადად 1971 აქციის მონაწილე არ ვიყავი, მე გავხვდი ცოცხალი მოწმე იმ ვითარებისა, რა სულისკვეთებით და თავდადებით იბრძოდნენ ქართველი ებრაელები იმ საშიშ ფეთქებად გარემოში, რომელიც თავგანწირვას მოითხოვდა.
ქართველი ებრაელების შიმშილობა მოსკოვში გრძელდებოდა სამი დღე, მან მიიქცია დასავლური პრესისა ყურადღება, საკითხით დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები. აქციის ორგანიზატორებს სსრკ-ს ხელისუფლებამ უთხრა, რომ რეპატრიაციის მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება. ქართველი ებრაელები, აქციის მონაწილეები(შიმშილობაში დაახლოებით 35-40 ადამიანი იყო ჩართული), დააბრუნეს საქართველოში, შემდგომში კი რამდენიმე ასეულ ებრაელს მისცეს ნებართვა ისრაელში რეპატრიაციის-გაერო თვალყურს ადევნებდა ამ გარემოებას. შემდეგ ისრაელში რეპატრიაციის ნებართვა მისცეს ებრაელთა კიდევ რამდენიმე ჯგუფს . მახსოვს, რომ საქართველოს რამდენიმე ქალაქში როგორ აცილებდნენ ებრაელებს-სიყვარულითა და ცრემლებით, ასეთი სითბო ებრაელების მიმართ არსად ევროპაში არ ყოფილა.
ჩემი სიმამრი, რ. ბათაშვილი, იყო ერთერთი პირველი ვინც წავიდა ისრაელში 1971 წლის აქციის შემდეგ. სხვათა შორის, ბ-ნი რაფიელი გახლდათ სკკპ წევრი და როცა ქ. თბილისის კალინინის (მთაწმინდის) რაიონის პარტიულ კრებაზე იხილავდნენ მისი პარტიიდან გარიცხვის საკითხს, მან უპასუხა : “კი ბატონო ,გამრიცხეთ, ისრაელში არის კომპარტია და იქ გავაგრძელებ მოღვაწეობას”. სამწუხაროდ, წელიწად ნახევარში,რაც ისრაელში ჩავიდა ჩემი სიმამრი, საბჭოთა კავშირში ამდენი დაძაბული ბრძოლის და განცდების შემდეგ ის დაავადდა და გარდაიცვალა , ბ-ნი რაფიელი დასაფლავებულია იერუსალიმში,”ზეითიმის მთაზე” (ზეთის ხილის მთა), რომელიც ბეთ ამიკდაშის , გოდების კედელს გადაჰყურებს.
პირველად ისრაელში 1974 წელს ვიყავი, სამთვიანი ტურისტული ვიზით ვიმყოფებოდი იქ, თუმცა რამოდენიმე კვირაში დავბრუნდი-მე იმ დროს არ ვაპირებდი საქართველოს დატოვებას. 1980-იანი წლების ბოლომდე ქართველი ებრაელების უდიდესი ნაწილი საქართველოში ცხოვრობდა (იმ დროს მათი რაოდენობა შეადგენდა 110 ათასს, ამჟამად საქართველოში ცხოვრობს 3 ათასიდან 6 ათასამდე ქართველი ებრაელი-ეს ინფორმაცია მოგვაწოდა «საქართველოს ებრაელთა კავშირის» თავმჯდომარემ მერაბ ჩანჩალაშვილმა -თ.პ.), ისინი ნახულობდნენ ისრაელში ნათესავებს, თუმცა არ ტოვებდნენ საქართველს!
-თქვენ 1993 წელს დატოვეთ საქართველო?
– ჩემთვის საფეთქელთან ვინმეს, რომ იარაღი მოედო და ეთქვა – “წადი შენს ისრაელშიო! ვეტყოდი – ისროლე ! .. მე და ჩემმა ოჯახმა საქართველო დავტოვეთ 1993 წელს, ეს რთული დრო იყო საქართველოსთვის -მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური და კრიმინოგენული მდგომარეობა იყო, სინათლე ვერ ანათებდა წყვდიადს. ჩვენთვის იოლი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, ოჯახის სურვილების წინააღმდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, მაგრამ უნდა გადაგვერჩინა ბავშვები და ოჯახი , ამიტომ მე და ჩემი მეუღლე დოდო ბათაშვილი შვილებთან ერთად დავტოვეთ მშობლიური საქართველო, თუმცა ჩვენ გაგვყვა ამ მიწის, ქვეყნის და ხალხის სიყვარული. ადაპტაცია ისრაელში რთული იყო, თუმცა ღმერთის, ახლობლების, შრომისუნარიანობისა და ისრაელის სახელმწიფოს მხარდაჭერით ჩვენ დავიწყეთ ახალი ცხოვრება.
-საქართველოში წარმატებული სპორტსმენი და მწვრთნელი იყავით, ისრაელში მოღვაწეობდით სპორტში?
-მე ბავშვობიდან მიყვარდა მაგიდის ჩოგბურთი, თბილისში 1960 წელს დავამთავრე 71 სკოლა(ყოფილი 37 სკოლა). 1950-1960 წლებში რამდენჯერმე ვიყავი საქართველოს პირველობებისა და საკავშირო შეჯიბრებების გამარჯვებული , საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მონაწილოებას ვღებულობდი სსრკ-ს სპარტაკიადებში, ვიყავი თბილისის აბსოლუტური ჩემპიონი მოსწავლეთა შორის და საქართველოს ჩემპიონი მოზრდილთა შორის, სტუდენტობის დროს-1966 წელს დავამთავრე საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის(სსსი ) ეკონომიკის ფაკულტეტი- პარალელურად საათობრივ ანაზღაურებაზე ვმუშაობდი მწვრთვნელად სსსი-ს ფიზკულტურის კათედრაზე, შემდეგ კი ვმუშაობდი მწვრთნელად.
1970 წელს, როცა 28 წლის გავხვდი, მთლინად გადავერთე სამეურნეო მუშაობაზე. ვმუშაობდი სამშენებლო ცენტრ «მაღლივმშენის» ეკონომისტ-ფინანსისტად, შემდეგ კი საქართველოს თეატრალური საზოგადოების საწარმო კომბინატში და ყრუ-მუნჯთა სასწავლო საწარმო კომბინატში.
სპორტული კარიერა იმიტომ შევწყვიტე , რომ უნდა მეზრუნა ოჯახზე, მაგიდის ჩოგბურთით იმ დროს ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. მე მამის გარეშე გავიზარდე-მამა დაიღუპა 1942 წელს ფრონტზე. დავიბადე თბილისში 1942 წელს, მამა არასოდეს მინახავს, დედა ჩემზე რვა თვის ფეხმძიმედ იყო, მამა, რომ ფრონტზე გაიწვიეს და მან ავჭალაში ე. წ. “ზბორნი პუნქტზე” გაიგო, რომ მესამეც (დედას 2 ბიჭი უკვე ყავდა) ბიჭი შეეძინა. მამას მიულოცავს და უთქვამს, ხვალ მივყავართ ფრონტზე, სად არ ვიცით და იქ რომ ჩავალთ შეგატობინებო. ეს იყო მამაჩემის ბოლო ბარათი დედისთვის. ომის დამთავრების შემდეგ დედამ მიიღო ოფიციალური ცნობა, რომ მამაჩემი უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. დედას უჭირდა სამი მცირეწლოვანი შვილის აღზრდა, ვცხოვრობდით თბილისში სამღებროს ქუჩაზე, სადაც ათასი თაღლითი და ავაზაკი იყრიდა თავს, მძვინვარებდა ომი, მეფობდა შიმშილობა, სიცივე, უშუქობა. დედა თურმე ღამის პირველ საათზე წავიდოდა, ნავთის საწყობები იყო მაშინ და ნავთის რიგში დგებოდა, ნავთის საყიდელი ფული კი არ ჰქონდა, დილის ექვს, შვიდ საათზე რიგს ყიდდა და სახლში შვილებთან პური მოქონდა, ასე ვიზრდებოდით.
ისრაელში სპორტს ვეღარ დავუთმე დრო და ვეღარ გავყევი. უნდა მეზრუნა ოჯახზე, ოჯახის ინტერესებს გვერდი ვერ ავუარე, ვმუშაობდი დღე და ღამე, ვმეცადინეობდი ივრითის შესწავლასა და ათვისებაზე. ისრაელში დიდი ხანია ვმუშაობ ქვეყნის ენერგოსისტემაში.
-როგორ მოხდა «გულთა კავშირის» დაფუძნება?
2017 წლის თებერვლის ერთ ერთ დილას, აშდოდში, ჩვენი მეგობრის, პოეტ ნანა დავარის (1949-2018) ოჯახში, თბილისიდან ჩამოტანილ შინდის მურაბით ჩაის შევექცევოდით მეგობრები – პროფესორი შალვა წიწუაშვილი, მწერალი ნუგზარ ჯანაშვილი, ხაიფის ყოფილი მთავარი არქიტექტორი პაატა იოსებაშვილი. სჯა-ბაასის დროს, ამერიკიდან გაისმა ზარი- გვირეკავდა ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ისააკ კრიხელი (1954- 2023). გაუკვირდა აშდოდში ჩვენი თავშეყრის მიზეზი. შეგვეკითხა «რა ხდება, პარტიას ხომ არაყალიბებთო» ? გავანდეთ ჩვენი მოსაზრება, რომ ვქმნიდით ორგანიზაციას, რომელიც წაადგებოდა ჩვენი ორი ერის 26 საუკუნოვან თანაცხოვრებას. ” გაუმარჯოს “გულთა კავშირს”, შეჰყვირა მან. ასე დაარსდა 2017 წ. 16 თებერვალს ისრაელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი (სსფ) “გულთა კავშირი”. არჩევნებამდე პრეზიდენტად ერთი წლით დავნიშნეთ პაატა იოსებაშვილი. 2018 წ. 16 თებერვლის პირველ არჩევნებში, პრეზიდენტად ამირჩიეს და მომდევნო ორ არჩევნებში ორივეჯერ პრეზიდენტის პოზიციაზე დამტოვეს, დღემდე ვაგრძელებ მუშაობას ამ პოზიციაზე. მინდა სრულიად გულწრფელი ვიყო და ვაღიარო, რომ ფინანსური წნეხის ქვეშ, ძალზე მიმძიმს გავუძღვე ამ საამაყო საქმიანობას, მითუმეტეს 2020-2021 წწ იყო საშინელი პანდემია. კორონამ შეაჩერა დედამიწაზე თითქმის ყველაფერი, თითქოს დედამიწის ბრუნვაც, მაგრამ “გულთა კავშირი” დამფუძნებლების და მისი წევრთა ინტელექტუალური ნიჭის, შრომითი და საკუთარი მატერიალური დანახარჯების ხარჯზე, არ ჩერდებოდა, მაინც თავისი პროექტებით წინ მიიწევდა. ქ. თბილისში და ქუთაისში ჩამოვაყალიბეთ ისრაელის “გულთა კავშირის” წარმომადგენლობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ თბილისში პროფესორი გივი ღამბაშიძე და ქუთაისში დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის კლინიკის მთავარი ექიმი მერაბ კვიცარიძე. ახლახანს ბათუმში (1 აგისტოდან ) გავხსენით და ფუნქციონერობას შეუდგა “გულთა კავშირის” ბათუმის წარმომადგენლობა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის, იურისტის ნანა მომცემლიძის ხელმძღვანელობით.
-რა პროექტები განახორციელა «გულთა კავშირმა» ?
-ჩატარებული სამუშაოების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა , მაგალითისთვის მოვიყვან ერთ პროექტს, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია მოსახლეობაში. ეს გახლავთ “ჯანმრთელი სოფელი”, რომელიც წარმატებით განხორციელდა საქართველოს რამდენიმე მუნიციპალურ ცენტრში. ჩემს საყვარელ მშობლიურ სოფელ ბანძაში(მარტვილის მუნიციპალიტეტი) ჩავიყვანეთ ქუთაისიდან 18 ექიმი, ეს პროექტი განხორციელდა ბ-ნ მერაბ კვიცარიძის თავკაცობით და ჩემი საყვარელი სოფლის (ბანძა) მოსახლეობას უანგაროდოთ ჩაუტარეთ ლაბოლატორიული კვლევები და სამედიცინო მომსახურეობა. ასეთივე ღონისძიებები ჩავატარეთ ქ. ონში და სამტრედიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში.
ჩვენთვის ერთნაირად ძვირფასია მშობლიური საქართველო და ჩვენი ისტორიული სამშობლო, ძლიერი და შეუვალი ისრაელი. ჩვენი ძირითადი არსია, შევასწავლოთ პატარებს და მომავალ თაობებს გადავცეთ ის უმდიდრესი, ერთმანეთზე შერწყმული ქართულ-ებრაული ტრადიციები, რომელიც ჩვენ დაგვიტოვეს წინაპრებმა. ჩვენ ვაზროვნებთ, ვსაუბრობთ, ვმეტყველებთ, ვცეკვავთ, ვმღერით ქართულად. ესაა, წმინდა სიყვარულის გამოვლინება იმ ხალხისა და ქვეყნის მიმართ, სადაც დაირწა ჩვენი აკვანი, სადაც ავიდგით ფეხი, ვისწავლეთ მეტყველება და სიყვარული, ვეზიარეთ ყველაფერს პირველს, დაწყებული საბავშვო ბაღიდან, პირველი კლასიდან, მასწავლებიდან, პირველი უმანკო სიყვარულიდან და აზრი მივანიჭეთ ჩვენს ცხოვრებას. რა დამავიწყებს ქვეყანას, მიწას, სადაცაა ჩემი ფესვები გადგმული, რომლის ცის ქვეშაც ჰაერს, განსაკუთრებული გემო აქვს, იმას მაინც რა დაგვავიწყებს სადაა ჩვენი ფესვები გადგმული, იმ ქვეყანას მშობლიური საქართველო ჰქვია.
თენგიზ პაჭკორია, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
————————————————-
ფოტოები რ.აჯიაშვილის არქივიდან