რკინიგზაში აცხადებენ, რომ დესტრუქციულ ძალებს უწყებაში პრობლემების შექმნა სურთ

რკინიგზის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი იურიდიული სამსახურის უფროსის ნანა კლარჯეიშვილის განმარტებით, რკინიგზის თანამშრომლები, რომლებიც დღეს აქციას მართავენ ინფორმირებულები იყვნენ რეორგანიზაციის შესახებ.

მისივე თქმით, ყველა თანამშრომლისგან, მათ შორის მოშიმშილეებისგანაც ჰქონდათ თანხმობა კახეთიდან ახალ რეგიონში გადასვლასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მოშიმშილეების მოთხოვნებს, როგორც რკინიგზაში განაცხადეს, თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან როგორც ტრანსპორტირებისთვის, ასევე მათთვის გარემონტდა კუპე ვაგონები, სადაც ყველანაირი საცხოვრებელი პირობაა შექმნილი.

ნანა კლარჯეიშვილმა რეორგანიზაციის დაწყების მიზეზები განმარტა და რკინიგზის გარეთ არსებულ დესტრუქციულ ძალებზე ისაუბრა.

“ბოლო პერიოდში კახეთის რეგიონიდან ტვირთბრუნვამ იკლო, ​შესაბამისად საჭიროებას აღარ წარმოადგენდა ამ ადამიანების ადგილზე მუშაობა. მათი გადაყვანა მოხდა სამხრეთ/დასავლეთ რეგიონში . რეორგანიზაციამდე გაკეთდა ახსნა-განმარტებები, შეხვედრა თანამშრომლებთან. ასევე რეორგანიზაციას წინ უძღვოდა მათი წერილობითი თანხმობა ახალ რეგიონში გადასვლაზე. სამწუხაროდ, რკინიგზის გარეთ აღმოჩნდნენ დესტრუქციული ძალები, რომლებსაც სურთ პრობლემების შექმნა რკინიგზაში. ჩვენ ორჯერ გავუგზავნეთ ამ ადამიანებს განმარტებითი წერილი და ვთხოვთ თანამშრომლობის გაგრძელებას”, – განაცხადა კლარჯეიშვილმა.

რკინიგზის დეპარტამენტის წინ რკინიგზის ორმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო. როგორც ისინი აცხადებენ, გურჯაანის რკინიგზის სამსახურში მათი სამუშაო ადგილების გაუქმების შემდეგ, სამუშაოდ სადახლოში გადაიყვანეს, რის გამოც ჯერ თბილისში უწევთ ჩამოსვლა და შემდეგ – სადახლოში.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდთან დიალოგისთვის მზად არის