რიჟვაძე: აჭარაში დღის წესრიგში დგას შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგიონში ვითარება დასტაბილურდა და დღის წესრიგში დგას შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების საკითხი.

რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ყოველდღიურ რეჟიმში ვირუსით ინფიცირებულთათვის 100 საწოლია თავისუფალი.

“გატარებულმა ღონისძიებებმა, რაც ითვალისწინებდა მობილობის მაქსიმალურ შემცირებას, განსაკუთრებით ქალაქ ბათუმში, უკვე შესაბამისი შედეგები გამოიღო. სტაბილიზაცია, რომელიც გვაქვს ეპიდმართვის ნაწილში განპირობებულია მობილობის მაქსიმალური შემცირებით. რამდენიმე დღის წინ აჭარაში დაინფიცირების ახალი შემთხვევების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა და შეადგინა 416 ინფიცირებული 24 საათის განმავლობაში. დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების და უწყებების კოორდინირებული მოქმედების შედეგად, რეგიონში შემთხვევების კლების დინამიკა ნარჩუნდება და დღეს აჭარაში ახალი ინფიცირების 190 შემთხვევა დაფიქსირდა”, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, პირველი რიგში, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი და დეტალური გეგმა შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაში® საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოკოს წარმოება ფართოვდება
შემდეგი სტატიაადვოკატი : აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამომგზავრების შესაძლებლობას არ აძლევენ