„რისთვის ვიბრძოდი?!“ – გია ხუხაშვილი ღრმა პოლიტიკურ კრიზისსა და ანტიგმირების აღზევებაზე

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

„ქვეყანა ვერსადაც ვერ მიექანება, იმიტომ, რომ შევარდნაძიდან მოყოლებული, ყველა სისტემა ხელისუფლების ვიწროპარტიულ და არა სახელმწიფოს ინტერესზე იყო აგებული. ყველა ხელისუფლება თვლიდა, რომ სახელმწიფო არის ის და ამ საყოველთაო განხილვაზეც ჩანს, რომ ეს მოდელი ძალაში რჩება. ამ განხილვებსაც რატომ ჰქვია საერთო-სახალხო განხილვა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ქუთაისში გაუგებარი პრინციპით შეკრებილი 200 კაცი როგორ ასახავს იმერეთის განწყობებს, სად არის რეპრეზენტატიულობა და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება აქედან, გაუგებარია. შეიძლება დაარქვან კლუბური შეკრებები და არა პომპეზური საერთო-სახალხო განხილვა, რომელიც ფარსის სახეს ატარებს”, – აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში.

„ეს მოდელი, ბუნებრივია ქვეყანაში დესტაბილიზაციის პირდაპირი წინაპირობაა და როდესაც ხელისუფლება რაღაც მანიპულირებულ მაგალითებზე საუბრობს, ეს ყოვლად მიუღებელია. ყველა ქვეყანას თავისი უნიკალური ისტორიული მდგომარეობა აქვს. ჩვენთან პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია, ხელისუფლება ცდილობს, ისარგებლოს ამით და ისე მოირგოს საარჩევნო სისტემა, რომ მუდმივად ხელისუფლებაში დარჩეს. საარჩევნო სისტემაში 3 ძირითადი თემაა, ბლოკები, 5%-იანი ბარიერი და მანდატების ნაშთის გადანაწილება. ცალ-ცალკე ყველაფერზე შეიძლება ილაპარაკო, მაგრამ სამივე ერთად პაკეტში არის მცდელობა, რომ “ოცნებამ” მინიმალური საარჩევნო შედეგით, ნაშთების ხარჯზე, მაქსიმალური ძალაუფლება მიიღოს. ასეთი აზროვნება ძალიან სახიფათოა. ხელისუფლება გვთავაზობს მოდელს, როდესაც თვითონ გადაყვება და ეს კონსტიტუცია კიდევ შესაცვლელი იქნება”, – აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

„ყველაზე აღმაშფოთებელი ისაა, რომ საერთო-სახალხო განხილვას აწყობს ხელისუფლება და იქვე ამბობს, თქვენ აქ რას მეტყვით და როგორ გამაკრიტიკებთ არ მაინტერესებს, ვინც შეიძლება გადაწყვეტილება შემაცვლევინოს, ვენეციის კომისიაო. ეს ხალხის შეურაცხყოფაა – მაშინ რატომ აწყობს ამ განხილვებს? მათი არგუმენტია, რომ ხალხმა შეიძლება მარგინალური პრეზიდენტი აირჩიოს და და ამის დაშვება არ შეიძლება და პლებისციტი არ შეიძლება, რადგან შეიძლება სხვა შედეგი დადგეს – როდის და რანაირად გახდნენ ირაკლი კობახიძე და მისი ამალა ამ ქვეყანაში აბსოლუტური ჭეშმარიტების მფლობელები? ესენი – სასათბურე პირობებში გამოყვანილი პოლიტიკოსები, თვლიან, რომ ყველაზე ჭკვიანები არიან ამ ქვეყანაში და ხალხი საინტერესო არ არის”, – ამბობს პოლიტოლოგი.

„სასამართლოს პრობლემა არანაკლები პრობლემაა, ვიდრე კონსტიტუციური პროცესი. ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც უზენაესი სასამართლოს 13 მოსამართლიდან 9 მოსამართლემ – აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება და ის არ აღსრულდა, რადგან ეს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენა სტრასბურგმა. ოდნავ მაინც ღირსეული მოსამართლე სავარძელს დატოვებდა. იმის ნაცვლად, რომ შერცხვეთ ამ სკანდალური მდგომარეობის და უფლებამოსილება შეიჩერონ, თითქოს ამას ვერც ხედავენ და კიდევ აქეთ გვიტევენ, ხან ჟურნალისტებს იბარებენ და ეუბნებიან – ფულს მოგცემთ და კარგად ილაპარაკეთ ჩვენზეო, ხან – ჟურნალისტებს ცენზურა დაუწესეთო”, – დასძენს ხუხაშვილი.

მურუსიძეს რაც შეეხება, იმ ომის სიმბოლო, რომელიც 2012 წელს მოვიგეთ, იყო გირგვლიანი. გირგვლიანით დაიწყო ის დიდი ომი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით მოვიგეთ. გირგვლიანი იყო გრძელვადიანი სასტიკი ომის სიმბოლო და მურუსიძე იყო ამ ომის ანტისიმბოლო. ადამიანი, რომელიც ფრონტის მეორე მხარეს იყო. ამ ხელისუფლებამ ეს ანტიგმირი აღაზევა და ლამის ქართული სასამართლოს სახე გახადა, ლამის ეკრანებიდან არ ჩამოდის. მას სააკაშვილის დროს ასეთი პატივი არ ჰქონდა, ახლა ის დაწინაურებულია. გირგვლიანი, როგორც ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის სიმბოლო, ამ ხელისუფლებამ ჩაანაცვლა ანტისიმბოლოთი – მურუსიძით და ეს არის ტრაგედია…

ხელისუფლების წარმომადგენლები ჩემზე ამბობენ, რომ რადიკალი გავხდი. ამ ყველაფრის შემხედვარე, აბა რა უნდა ქნა?! ყველაფერი, რისთვისაც მე სხვებთან ერთად, ფაქტობრივად, თავი გავწირე, თავდაყირა დადგა და რადიკალი როგორ არ გავხდე?! რისთვის ვიბრძოდი?! ჩვენ ხალხს სამართლიანობასა და კეთილდღეობას ვპირდებოდით – ვერც ერთი მოვიტანეთ და ვერც მეორე“, – ამბობს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი.

„რეზონანსი“

banner
წინა სტატიაშირატომ შეადარა კახა მიქაიამ გიორგი მარგველაშვილი კენედის და რეიგანს?
შემდეგი სტატიააფხაზმა რუსეთის საგარეო უწყებას სენსაციური საჩივრით მიმართა