რისთვის ყიდულობს თბილისის მერი მეკობრეების ჭოგრიტებს

დედაქალაქის მერია ერის გაოცებას აგრძელებს. საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გაასაჯაროვა სატენდერო დოკუმენტაცია, საიდანაც ვიგებთ, რომ კახა კალაძე 10 ცალი ჭოგრიტისა და 15 ცალი ფოტოაპარატის შეძენას აპირებს. ამისთვის კი ის მზად არის, ბიუჯეტიდან 60.000 ლარი დახარჯოს.
როგორც ოპოზიციონერი ამბობს, სატენდერო დოკუმენტაციაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რაში სჭირდება მერიას ჭოგრიტები და ფოტოაპარატები.
რატომ არის დაუშვებელი ამ ნივთებში ამდენი თანხის გადახდა, რაში შეიძლება გამოიყენოს კალაძემ ჭოგრიტები? – ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილი “ახალ თაობას” ესაუბრება.

– თბილისის მერიამ დავით ნარმანიას მერობის დროს რამდენიმე ფოტოაპარატი შეიძინა. ახლა თქვენ გაასაჯაროეთ დოკუმენტი, საიდანაც ვიგებთ, რომ კალაძე ახალი ფოტოაპარატების შეძენას აპირებს. დედაქალაქის მერია ფოტოაპარატების გარეშე ვერ მუშაობს თუ რა ხდება?
– ფოტოაპარატებს რა უჭირს, სურათს მაინც გადაიღებენ, მაგრამ ჭოგრიტები რად უნდათ, ამაზე ვერაფერს გეტყვით. გვეტყვიან, რომ ჭოგრიტები მუნიციპალურ ლაბორატორიას სჭირდება. დავიჯერო, ამ ჭოგრიტებით უნდა ადევნონ თვალი, მშენებლობებზე რა ხდება? ჭოგრიტის გარეშეც კარგად ჩანს, რომ ძალიან ბევრ სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის და მუშები დამცავი ბადეების გარეშე სპაიდერმენებივით გადაადგილდებიან.
კი მეცინება ამ ჭოგრიტებზე, მაგრამ არ არის სასაცილო. ბოლო-ბოლო, პრიორიტეტები ხომ უნდა იყოს ამ ქალაქში განსაზღვრული. წინაზე იყო და თაიგულები იყიდა ბიუჯეტის ფულით, ახლა ჭოგრიტებს ყიდულობს, მერე რესტორნებში დახარჯავს ათეულობით ათას ლარს და ამას იმ ქალაქის მერი აკეთებს, რომელ ქალაქშიც უამრავი პრობლემაა. გამგეობებში ადამიანების წამლების შესაძენად 100 და 200 ლარს არ აძლევენ, ეუბნებიან, რომ ბიუჯეტში ფული არ არის. ამ დროს ერთ ჭოგრიტში იხდის მერია 1.500 ლარს.
– რა ჭოგრიტია ასეთი, რომ 1.500 ლარი ღირს?
– მთლად 1.500 ლარიც არ ღირს. სულ რაღაც 1.499 ლარს იხდიან ერთ ცალში. სულ 10 ცალი ასეთი ჭოგრიტი უნდა იყიდონ.
– უყვარს კალაძეს “მილანის” მატჩებზე სიარული და იქნებ იმ იმედით ყიდულობს ამ ჭოგრიტებს, მათი დახმარებით “სან სირო” დავინახო აქედან და მილანში აღარ მომიწიოს გაფრენაო. დროსა და ფინანსებს ზოგავს ალბათ.
– მგონია, აქ სხვა რაღაცაში გვაქვს საქმე. ბიძინა გაქცევას აპირებს. ეს ამბავი კალაძის ყურამდეც არის მისული. მერიის მე-19 სართულიდან დაუწყებს ამ ჭოგრიტებით ივანიშვილის რეზიდენციის ყურებას – შემთხვევით არსად ხომ არ მიიპარება ბიძინა.
“სან სიროს” რაც შეეხება, ვერ დაინახავს. სულ ეშმაკის ბორბალზე რომ ავიდეს და 4 ჭოგრიტი დაიკავოს, მაინც ვერ დაინახავს.
მშენებლობების გაკონტროლება თუ უნდათ, ამას ჭოგრიტი არ სჭირდება. საცობების დანახვაც შესაძლებელია ამის გარეშე. ქალაქში არსებული პრობლემები რომ დაინახო, ამისთვის თვალის გახელაა საჭირო.
– თვალის გახელაც არ სჭირდებათ – თქვენ მოგისმინონ და ყველაფერი ეცოდინებათ.
– ჩემი მოსმენა არ უყვართ ხოლმე. რამეს რომ ვიტყვი, ერთი ამბავი ტყდება, მერე ირკვევა, რომ მართალი ვყოფილვარ.
კალაძე და მერია ისეთ რაღაცებს აკეთებენ, აშკარაა, ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ. ტყუილად აქვთ იმის იმედი, რომ არ მოეკითხებათ. წინა ხელისუფლებასაც ასე ეგონა, მაგრამ ზოგიერთ მათგანს სამართლიანად მოეკითხა. ამათაც მოეკითხებათ. არაფერი მუდმივი არ არის და ამ ბიჭებსაც მოუწევთ რაღაცებზე პასუხის გაცემა. ახლა კალაძე ფიქრობს, რომ მილანში გაიქცევა. ვერსადაც ვერ გაიქცევა.
ჭოგრიტის გამო ნაღდად არ მოსთხოვენ პასუხს, მაგრამ ბექა ოდიშარიასთან ერთად განხორციელებული მაქინაციების გამო ეს ბიჭი ნაღდად დასაჭერია.
– განსაკუთრებული ყურადღება ჭოგრიტებს დაუთმეთ და ფოტოაპარატებზეც გვითხარით. ხომ ჰქონდათ მერიაში ფოტოაპარატები, რატომ გახდა ახალი აპარატების შეძენა საჭირო?
– ძველ ტენდერებსაც გადავხედე და ვნახე, რომ მერია წელიწადში ერთხელ და ორჯერ ფოტოაპარატებს ყიდულობს. ახლა 15 ცალის შეძენას აპირებენ. თითოეულში 3.000 ლარი უნდა გადაიხადონ.
21-ე საუკუნეში ვის უკვირს ეს ფოტოაპარატები, ან რა უნდა გადაიღონ ამდენი. მაგრამ უყვარს ამ ბიჭს სურათების გადაღება. მთავრობის სხდომაზე დადგება დაყენებული სახით და გვამცნობს, რომ მეტროს ვაგონების ახალი შემადგენლობა დაემატა. მეორე დღეს ვაგონები ჩერდება – ხან გვირაბში იჭედება, ხანაც ცეცხლი ეკიდება.
მთავარია, კალაძე მთავრობის სხდომაზე გამოჩნდეს დაყენებული სახით და მე არ შევიდე იქ. ოფიციალურად აქვს ნათქვამი, ვინც გინდა, მოვიდეს საკრებულოდან, ოღონდ ხაბეიშვილი არაო.
არ გამოვრიცხავ, ერთი ჭოგრიტი მე მაჩუქოს – საკრებულოდან გავხედავ დედაქალაქის მთავრობის სხდომას და მერიაში აღარ მივალ.
ახლა ვიცინი, მაგრამ ჭოგრიტებში ამდენი ფულის გადაყრა არ შეიძლება. თავისი ფულით გინდა ჭოგრიტი იყიდოს და გინდა იაგუარი.
თავის ფულზე გამახსენდა, 8 მარტს ჟურნალისტებს ყვავილები დაურიგა. ეს თაიგულებიც ბიუჯეტის ფულით იყიდა. ყვავილიც კი არ იყიდა თავისი ფულით.
– ოჯახის მუჭუჭია ეგ ბიჭი აშკარად.
– არა ბიჭო. ამ ჟურნალისტ გოგოებსაც უხაროდათ, კალაძემ ყვავილები გვაჩუქაო. არადა, ეს ყვავილები მათივე ფულით იყო ნაყიდი. იის კონაში არ გაიმეტა ლარი. მერე იძახის, ხელფასს არ ვიღებო. ხელფასი რად უნდა, ბიუჯეტი აქვე არ არის?!
ამის გარდა, ყველაფერს მილანიდან მოათრევს – საახალწლო განათებებიო, ნაგვის ურნებიო.
– ჭოგრიტებიც მილანიდან ხომ არ მოაქვს?
– არა, ეგენი ჩინურია. თან ხომ იცი, ჭოგრიტი რა არის, მეკობრეებს რომ ეკავათ, ცალი თვალით რომ უნდა გაიხედო.
– აშკარად რაღაც სხვა მიზნებისთვის უნდა კალაძეს ეგ ჭოგრიტები.
– გეუბნები, ბიძინას უთვალთვალებს, რომ არ გაეპაროს.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლების პირველი პასუხისმგებლობაა, ქვეყანაში მძიმე ვითარებას და უიმედობას მიხედოს”- უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეს ბოკერია გამოეხმაურა
შემდეგი სტატია“ოცნებამ” პანკისში გასვლითი 7 ნოემბერი მოაწყო”