რისკის შემცველ ტერიტორიებზე მშენებლობებზე – უნდა გამოასახლო ადამიანები და დაანგრიო ეს შენობა-ნაგებებობი , ესაა ბერკეტი – კახა კალაძე

ერთადერთი, უნდა გამოასახლო ეს ადამიანები და დაანგრიო ეს შენობა-ნაგებებობი – ესაა ბერკეტი, – ეს განცხადება, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა დედაქალაქის მერს ჰკითხეს – რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ განმეორდეს 13 ივნისის მსგავსი უბედური შემთხვევები ისეთ რისკის შემცველ ტერიტორიებზე, სადაც კორპუსები წესების დარღვევით არის აშენებული.

თბილისის მერმა მაგალითისთვის თბილისის სპორტის სასახლის უკანა ტერიტორიაზე არსებული მშენებლობები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ეს არის სახე იმის, თუ როგორ არ უნდა მოხდეს ქალაქის ურბანული განვითარება.

კახა კალაძე, 13 ივნისის მემორიალთან იმყოფებოდა, სადაც 4 წლის წინ მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

კალაძის განცხადებით, მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად მერიამ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა. კალაძის თქმით, ვერეს ხეობაში არსებობს ისეთი ადგილები, სადაც მშენებლობა სრულად დასაშვებია, თუმცა არის ისეთებიც, რომლებიც გარკვეული რისკის შემცველია. ასეთია სვანიძის ქუჩაზე მშენებარე სასტუმრო, რომელიც მდინარეს გადმოჰყურებს. მიუხედავად ამისა, დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნული მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია და მერიას მის შესაჩერებლად არანაირი ბერკეტი არ აქვს.

„დაზღვეული არავინ არის, როდესაც სტიქია ხდება და ამის პრევენცია ზოგადად შეუძლებელია სტიქიის დროს. რეკომენდაციები, რომელიც იყო გაცემული განგაშის სისტემასთან დაკავშირებით, ეს გაკეთებულია. გაკეთებულია შესაბამისი ცხაურები – ეს რამდენიმე მილიონი დაჯდა, თუმცა არის შენობა – ნაგებობები, რომელიც შეიძლება ისეთ ადგილებში იყოს, რომელიც პრობლემურია. ამ შემთხვევაში არანაირი ბერკეტი არ აქვს მერიას. ერთადერთი, უნდა გამოასახლო ეს ადამიანები, დაანგრიო ის შენობა-ნაგებობები – ესაა ბერკეტი. მეორე მხრივ, ეს ძალიან რთული თემაა. ასეთი მიდგომით ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა ქალაქში და არა მხოლოდ ვერეს ხეობაში, პრობლემურია უბანული თვალსაზრისით. მიუღებელია ამ შენობებისთვის ნებართვის მიცემა, მიუღებელია, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. სამწუხარო რეალობა გვაქვს ამ თვალსაზრისით და „მოდით, რომელიც არ მოგვწონს ყველა დავანგრიოთ“ მიდგომა არასწორია – არ ვიცი, გვაქვს კი ამის რესურსი?!“- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ივნისი ღამეს წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია დიდი წყალდიდობა, რომელმაც თითქმის მთლიანი ვერეს ხეობა დატბორა. ტრაგედიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ორი კი, კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

banner
წინა სტატიაშიუნდა არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები – წულუკიანი სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე საუბრობს
შემდეგი სტატია,,განცხადებაში შეგვიძლია დავინახოთ, რაც გვსურს, ამას ქვია სუბიექტურობა,“ – წულუკიანი პომპეოს განცხადებებზე საუბრობს