რისი მიღწევაც მოვახერხეთ, არ არის მუდმივი და არ გვაძლევს გაჩერების უფლებას – დენის შმიგალი

“იარაღის შიდა წარმოების მოცულობის გაზრდა, რუსული აქტივების კონფისკაცია, ეკონომიკური აღდგენა, ლოგისტიკა, რეკონსტრუქცია და ევროინტეგრაცია უკრაინის სახელმწიფოს ყველაზე პრიორიტეტული ამოცანებია 2024 წლისთვის”, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა, ფორუმზე: “უკრაინა 2024 წელი” განაცხადა.

“რისი მიღწევაც მოვახერხეთ, არ არის მუდმივი და არ გვაძლევს გაჩერების უფლებას. წინ რთული გზა გველის. მას, ვინც ომს მოიგებს, ექნება უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო საიმედო მოკავშირეები და შესაძლებლობა, ეფექტურად წარმართოს რაც შეიძლება მეტი რესურსი მტრის განადგურებისთვის”, – განაცხადა მან.

შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსი სახელმწიფოს ძლიერების საფუძველია, რომლის მიზანია რაც შეიძლება მეტი იარაღის დამოუკიდებლად წარმოება და ეს არის პირველი ამოცანა 2024 წლისთვის. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებსა და მოკავშირეებს და აღნიშნა, რომ უკრაინას მათ მხარდაჭერაში ეჭვი არ ეპარება.

მისი თქმით, ხელისუფლების მეორე ამოცანაა უკრაინის ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა, რისთვისაც საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს.

“ჩვენ ყველას ვესაუბრებით. იაპონიიდან აშშ-ში. IMF, WB, EIB, EBRD, ყველა სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი. ჩვენ ვეძებთ ფინანსურ რესურსებს, რომ დავფაროთ ჩვენი 37 მილიარდი დოლარის საჭიროება ამ წლისთვის”, – აღნიშნა პრემიერმა.

შმიგალის განცხადებით, ქვეყნის მესამე მიზანი რუსული აქტივების კონფისკაციაა – “წელს მინიმალური გეგმაა ამ გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებაზე გადასვლა”.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ 2024 წლისთვის სახელმწიფოს მეოთხე მიზანი ეკონომიკის აღდგენაა.

“წელს ბიუჯეტში 45 მილიარდი გრივნა გამოიყო ბიზნესის დასახმარებლად. გრანტები, შეღავათიანი სესხები, სამრეწველო პარკები, მსხვილი საინვესტიციო პროექტები, ომის რისკის დაზღვევა, ექსპორტის ახალი ბაზრები – ეს ყველაფერი აუცილებელია სახელმწიფოს გადარჩენისა და ეკონომიკის განვითარების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა შმიგალმა.

მეხუთე მიზნად პრემიერმინისტრმა ლოგისტიკა დაასახელა, მისი განმარტებით “ეკონომიკა მის გარეშე ვერ იარსებებს.”

“მეექვსე ამოცანაა აღდგენის გაგრძელება. საცხოვრებელი, ენერგეტიკა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სკოლები და საავადმყოფოები, ჰუმანიტარული განაღმვითი სამუშაოები”, – განაცხადა მან.

მეშვიდე ამოცანა კი ევროინტეგრაციაა. მისი თქმით, ამჟამად უკრაინას აქვს შესაძლებლობების ფანჯარა და ამას სახელმწიფო გამოიყენებს.

banner
წინა სტატიაშიანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტი საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება
შემდეგი სტატიაუკრაინიდან შესული სიმინდით დატვირთული 10 ვაგონი უცნობმა პირებმა მიწაზე დაყარეს