რის თქმას აპირებს ივანიშვილისთვის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია

23 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საზეიმოდ გვამცნო, რომ გუნდში დაპირისპირება მოგვარდა. ამ განცხადებიდან მეორე დღეს ანუ გუშინ, 24 აპრილს, “ოცნებამ” დაპირისპირების ახალი სეზონი გახსნა.
ამჯერად ეს დაპირისპირება, შესაძლოა, სერიოზული შედეგით დასრულდეს. თანაგუნდელებთან დაპირისპირებული დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის ახლობელია და ის ყოფილი პრემიერისთვის გუნდში შექმნილ ვითარებაზე დეტალურად აპირებს საუბარს.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ედიშერ თოლორაია, მმართველ გუნდზე ისეთი გამწარებულია, რომ სამეგრელოში გამართულ პარტიულ კონფერენციასაც არ დაესწრო. არადა, ედიშერ თოლორაია “ოცნების”  ადგილობრივ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
პარტიის რეგიონულ კონფერენციას არც პარტიის ადგილობრივი აქტივი დასწრებია. მათ თოლორაიას გამოუცხადეს სოლიდარობა. თოლორაიას ადგილზე ერთხმად იქნა არჩეული ლაშა გოგია, რომელიც ზუგდიდის მერი გახლავთ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თოლორაია რეგიონულ კონფერენციას ბოიკოტს გამოუცხადებდა, ჯერ კიდევ დილით გავრცელდა. როგორც “ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, დეპუტატს პარტიიდან წასვლა ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არა აქვს. ეს მისი და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილამდე დეპუტატი გომელაურთან აპირებს საუბარს.
_ მისი და გომელაურის შეხვედრის ამბავი უკვე გადაწყვეტილია. შესაძლოა, როცა თქვენი გაზეთი გამოვა, მათ შორის საუბარი უკვე შემდგარი იყოს, შესაძლოა, 25 აპრილს ილაპარაკონ. მათი საუბრის მთავარი თემა სამეგრელოში შექმნილი ვითარება იქნება. დეპუტატი სუსის უფროსს მხარის გუბერნატორსა და აფხაზეთიდან შემოსულ კონტრაბანდულ ტვირთებზე ისაუბრებს, იტყვის, ვინ და როგორ აკეთებს რეგიონში ფულს, _ ამბობს `ოცნებასთან~ დაახლოებული წყარო.
მისივე ინფორმაციით, საინტერესო საუბარი ექნება თოლორაიას ივანიშვილთან. ჩვენი წყაროს თქმით, მას ყოფილ პრემიერთან შეხვედრის პრობლემა არა აქვს.
_ თოლორაიას სიმამრი და ცოლისძმა ქართუ ბანკში მუშაობენ. სწორედ მათი წყალობით გახდა ედიშერი დეპუტატი. მისი სიმამრი, ბესო ღურწკაია, ივანიშვილს ჯერ კიდევ იქიდან იცნობს, როცა ის რუსეთში მოღვაწეობდა, _ გვიყვება ჩვენი წყარო.
ის რამდენიმე წლის წინანდელ ამბავსაც იხსენებს, რომელიც ზუგდიდში მოხდა:
_ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადებოდით, რეგიონებში ტარდებოდა მიტინგები. ერთ-ერთი მიტინგი ზუგდიდში გაიმართა. უამრავი ადამიანი იყო აქციაზე. ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ადამიანში ამოიცნო ბესო ღურწკაია და მიესალმა.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ ივანიშვილს სწორედ ის და თოლორაია შეხვდებიან.
_ ყოფილ პრემიერსაც უამბობს, რა ხდება სამეგრელოში, პარტიასა და პარლამენტში არსებულ ვითარებაზეც ილაპარაკებენ, ივანიშვილის პოზიციასაც გაიგებს და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, _ აღნიშნავს `ოცნების~ ახლობელი.
მისივე ინფორმაციით, ზუგდიდის მაჟორიტარს უკვე შერჩეული აქვს პარტია, სადაც `ოცნების~ დატოვების შემთხვევაში გადავა. ედიშერ თოლორაია, შესაძლოა, პატრიოტთა ალიანსში ვიხილოთ.
ჩვენი წყაროს ცნობით, ამის გამო დეპუტატს სერიოზული უთანხმოება მოუვიდა ცოლისძმასთან, კობა ღურწკაიასთან.
….
ედიშერ თოლორაიას ამბავი `ოცნებამ~, ასე თუ ისე, მიაჩუმათა, მაგრამ სამეგრელოს კონფერენციამ გამოაჩინა, რომ პრემიერს პარლამენტის სპიკერთან და თბილისის მერთან ცუდი ურთიერთობა აქვს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ `ოცნების~ ლიდერებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. მათ არც ხალხთან ისურვეს საუბარი. გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ზუგდიდიდან გამოიქცნენ.
პრემიერს დაცვამ წინა გასასვლელთან გაუკეთა დერეფანი და ისე გაიყვანეს, კალაძე და კობახიძე კი უკანა გასასვლელიდან გააპარეს. `ოცნების~ ლიდერები არც საგანგებოდ გაშლილი სუფრაზე დარჩენილან.
გამოქცევის მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ მორიგი კონფერენცია იმერეთში, ქუთაისში უნდა გაემართათ. ზუგდიდში პრემიერმა მედიასთან საუბარი არ ისურვა, დიდი კეთილგანწყობა არც ქუთაისში გამოუჩენია.
_ მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია, სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი, _ განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

რეგიონული კონფერენციების ჩატარება `ქართულმა ოცნებამ~ მოულოდნელად დაიწყო. `ოცნებასთან~ დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ეს შესაძლოა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან იყოს კავშირში.
სამეგრელოში გამართულ შეხვედრაზე ამ თემაზეც ყოფილა საუბარი. პარტიის ლიდერებს უთქვამთ, რომ ყველაფერია მოსალოდნელი.
ეს ამბავი, ბუნებრივია, ივანიშვილის გარეშე არ გადაწყდება, მაგრამ რაღაც ამათაც ხომ უნდა გააკეთონ. ახლა ის არის გასარკვევი, ვინ დაიკავებს `ოცნებაში~ ბიძინას შემდეგ მთავარი კაცის ადგილს. მთავარი ბრძოლა კალაძესა და კვირიკაშვილს შორის გაიმართება.
პარლამენტში მათი გუნდები უკვე ღიად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ახალგაზრდების ფრთას, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული, შედარებით მხცოვანი დეპუტატები აუმხედრდნენ. მათ უკან პრემიერის ლანდი გამოიკვეთა. ისინი ირაკლი კობახიძის გადაყენებით დაიმუქრნენ. ამის შემდეგ სპიკერმა ტონი ოდნავ შეარბილა.
კალაძის საპარლამენტო ფრთას ლიბერალებად მიიჩნევენ, თუმცა ამ კლანის წარმომადგენლები ცდილობენ, ჩუმად ეს გიორგი კვირიკაშვილს დააბრალონ.
რამდენიმე კვირის წინ ქართული მარშის 7 წევრი დააკავეს. კახა კალაძესთან დაახლოებული პირი ცნობად სახეებს პირად საუბრებში ატყობინებდა, რომ ამ ბიჭების დაკავებაში პრემიერის ხელი ერია.

“ახალი თაობა”
შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშისაუდი კატარს სირიაში ჯარის შეყვანისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია“ჩვენ ხელისუფლების შეცვლას ვითხოვთ” – სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება