რიმა ბერაძის კომენტარზე საკრებულო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის განცხადებით, მედიასაშუალებებში გავრცელდა დამახინჯებული ინფორმაცია, თითქოს საკრებულოს წევრმა რიმა ბერაძემ აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველ ბენეფიციართათვის საკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს არის აბსოლუტური სიცრუე.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“გუშინ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი და მასზე დაყრდნობით, რიგ მედიასაშუალებებში გავრცელდა დამახინჯებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის საკრებულოს წევრმა რიმა ბერაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველ ბენეფიციართათვის საკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია. გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე. გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბენეფიციართა კვება წლების განმავლობაში რეგულირდება “დედაქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფასო სასადილოებით მომსახურეობის შესყიდვის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის N 33.46 დადგენილებით, სადაც კვების რაციონი ექსპერტთა მიერაა განსაზღვრული. რიმა ბერაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართათვის განკუთვნილი უფასო სასადილოების მუშაობაზე, ბენეფიციართა კვებაზე, კალორიულობაზე, მონიტორინგზე და სატენდერო პირობებზე საუბრობდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტთან საუბარში, საკრებულოს დეპუტატის რიმა ბერაძის მიერ ნათქვამი ფრაზა: “ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით ჩვენ შენიშვნები არ გაგვაჩნია” – საკვების კალორიულობასა და სერვისის მონიტორინგს ეხებოდა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხა 3 940 000 ლარით გაიზარდა. სამწუხაროა, რომ რიგმა მედიასაშუალებებმა არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. აქვე, მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ მედიასაშუალებებს, რომლებმაც ფრაგმენტულად ამოღებული ინფორმაციის ტირაჟირება არ მოახდინეს და ინფორმაციის დასაზუსტებლად, ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, თბილისის საკრებულოს შესაბამის სამსახურს მიმართეს”, – ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – საქართველო არ ითხოვს MAP-ს, ითხოვს ნატო-ში გაერთიანებას
შემდეგი სტატია,,საქართველოს საჰაერო სივრცე არ არის იმაზე დაუცველი, ვიდრე რომელიმე ქვეყნის”