რიკარდ იოზვიაკი: უვიზო რეჟიმი საქართველომ შესაძლოა, უფრო ადრე მიიღოს, ვიდრე უკრაინამ

უვიზო რეჟიმი საქართველომ შესაძლოა, უფრო ადრე მიიღოს, ვიდრე უკრაინამ, – ამის შესახებ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი წერს.

მისი თქმით, სამმხრივი მოლაპარაკება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოსალოდნელია, რომ 14 დეკემბერს გაიმართოს.

„ტრიალოგი სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ საქართველოსთვის, მოსალოდნელია, რომ ოთხშაბათს გაიმართება. ის დაიწყება და მაშინვე დასრულდება. უკრაინასთან დაკავშირებით ტრიალოგი კი, მხოლოდ მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმი“ ფორმალურად იქნება დამტკიცებული – მომდევნო წლის დასაწყისში“, – წერს ჟურნალისტი.

იოზვიაკის ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებულ ვარიანტს ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტის (LIBE) კომიტეტის 37 წევრმა დაუჭირა მხარი, ცხრა წევრი წინააღმდეგი წავიდა, ორმა წევრმა კი, თავი შეიკავა.

LIBE-ს კომიტეტმა ვიზალიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი გუშინ მიიღო. კომიტეტის ინფორმაციით, „შეჩერების მექანიზმს“ ევროპარლამენტის წევრები პლენარულ სესიაზე სავარაუდოდ, მომავალ კვირას უყრიან კენჭს.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცერი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი NDI-ის პრეზიდენტს ჯენ ვოლაკს შეხვდა