საარჩევნო სისტემის შეცვლა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები – ამ მოთხოვნების ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიცია კონსულტაციებს ისევ აგრძელებს. ამჯერად მოლაპარაკებები იმ ოპოზიციურ პარტიებთან გაიმართება, რომლებიც ჯერჯერობით გაერთიანებაში არ არიან.
გუშინდელი შეხვედრა კი კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა. შეიქმნა ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო საბჭო, რომლის მიზანიც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევაა.
„ოპოზიციური პარტიების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება ძირეულ და ფუნდამენტურ საკითხებზე: ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება და ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციაში ძირეული ცვლილებები. ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. იმ პარტნიორებთან რომლებმაც ზედმიწევნით კარგად იციან თუ რა ვითარებაში ჩატარდა არჩევნები საქართველოში,“-ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი წევრი პაატა დავითაია ამბობს, რომ კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან აუცილებლად შედგება, მისი თქმით, პარალელურად კონსულტაციები გაიმართება რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან, რომლებიც ამ დრომდე გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმებიან.