რიგგარეშე ან ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პრინციპულები ვართ, მაგრამ თარიღზე შეგვიძლია მოლაპარაკება

რიგგარეშე ან ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პრინციპულები ვართ, მაგრამ თარიღზე შეგვიძლია მოლაპარაკება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების გარეშე, ოპოზიციის გეგმები არ შეიცვლება.

„შეთანხმება თუ არ შედგება, გეგმები არ იცვლება. არ ვაპირებთ არც ამ ქვეყნიდან და არც პოლიტიკიდან წასვლას.

ჩვენ პრინციპულები ვართ ვადამდელ ან რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ თარიღი, თუ როდის უნდა გაიმართოს არჩევნები, ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია მოლაპარაკებები“, – განაცხადა მან.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, სიამოვნებით მიიღებდა მის მუშაობაში მონაწილეობას.

„მონაწილეობას სიამოვნებით მივიღებდი და დარწმუნებული ვარ, უამრავ დარღვევასაც აღმოვაჩენდი, მხოლოდ მას შემდეგ რაც, შევთანხმდებოდით ვადამდელი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ერთ პროცენტს კი არა, ბევრად მეტ დარღვევას აღმოვაჩენდი, რადგან გაყალბების კვალი მაინც რჩება, მაგრამ ვიდრე მთავარ საკითხზე შეთანხმებული არ ვართ, კომისიაში შესვლაზე ვერ ვილაპარაკებთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს.

„ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის არ მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენ დავიწყეთ პარტიის გაძლიერება რეგიონებში და ვემზადებით ყველა მომდევნო არჩევნებისთვის, რომელიც საქართველოში გაიმართება, მათ შორის რიგგარეშე და ვადამდელი არჩევნებისთვის.

საარჩევნო სისტემის ცვლილებას რაც შეეხება, გიორგი ვაშაძეს ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე შეხვედრაზე დაფიქსირებული აქვს მემორანდუმის პუნქტები, შეთანხმებული აქვს „ქართულ ოცნებასთან“. „ქართული ოცნება“ თუ ამასაც გააუქმებს და არ შეასრულებს თავის პირობას, მაშინ სხვანაირად მოგვიწევს ლაპარაკი. უბრალოდ, ჩვენ ამისკენ არ ვისწრაფვით, ჩვენ გვინდა შეთანხმება, მაგრამ თუ ხელისუფლება ამ ძალაუფლებას მიიტაცებს, ერთი შესაძლებლობა დაგვრჩება, რომ ხალხმა უკან დააბრუნებინოს ყველაფერი, რაც მიიტაცეს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ახალი შეთავაზება თვითდასაქმებულებისთვის
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს კორუფციასა და ნეპოტიზმს, რომელშიც დღეს აღმოჩნდა