RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი ჟან კაველიე „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს უკუსვლა ერთდროულად მკვეთრიცაა და სისტემურიც:
„2019 წლის შემდეგ ქვეყანამ რეიტინგში 75 ადგილი დაკარგა, მათ შორის, მხოლოდ ამ წელს — 21 ადგილი, ხოლო მისი საერთო ქულა თითქმის 10 პუნქტით შემცირდა. ინდექსის ხუთივე ინდიკატორი გაუარესებულია, თუმცა ყველაზე დრამატული ვარდნა უსაფრთხოების კუთხით ფიქსირდება“.
საქართველოში სამართლებრივი გარემოს (-11 პუნქტი) მკვეთრად გაუარესება, RSF-ის თანახმად, განპირობებულია ისეთი შემზღუდავი კანონების მიღებითა და მათი ბოროტად აღსრულებით, როგორიცაა კანონები „უცხოური აგენტების“, მედიის დაფინანსების, აუდიოვიზუალური რეგულირებისა და ონლაინ მედიის შესახებ.
„ეს კანონები სულ უფრო ხშირად გამოიყენება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი დევნის, უსამართლო სასამართლო პროცესებისა და ადმინისტრაციული შევიწროების გზით. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ უფრო ფართო ავტორიტარულ გადახრას: ჟურნალისტებს უარს ეუბნებიან საზღვარზე შემოსვლაზე, ეზღუდებათ წვდომა სასამართლოებსა და საჯარო ღონისძიებებზე, ხდება ხელის შეშლა პროფესიულ საქმიანობაში და იზრდება თვალთვალი. ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ემბლემური სასამართლო პროცესი თვალსაჩინოდ აჩვენებს, თუ როგორ ხდება სამართლებრივი ზეწოლის იარაღად გამოყენება. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არ არის ერთი კონკრეტული პრობლემა — ეს არის პრესის თავისუფლების გარემოს სისტემური გაუარესება“, — დასძენს ჟან კაველიე.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში პატიმრობაშია ერთი ჟურნალისტი — „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.
კაველიეს შეფასებით, მის პატიმრობას რეალური გავლენა ჰქონდა საქართველოს შედეგების გაუარესებაზე, განსაკუთრებით უსაფრთხოების ინდიკატორზე და შედარებით ნაკლებად — სამართლებრივ ქულაზე.
„ეს ის ორი სფეროა, სადაც ყველაზე დიდი კლება გვაქვს. ამის მიუხედავად, საქართველოს ვარდნა მხოლოდ ერთი შემთხვევით ვერ აიხსნება. მის გარეშეც ქულები მნიშვნელოვნად დაეცემოდა, რადგან ჟურნალისტებისთვის საერთო გარემო ყველა მიმართულებით უარესდება. ამაღლობელის საქმე ამ ტენდენციას ასახევს. იგი გახდა იმის სიმბოლო, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სამართლებრივ და სასამართლო ინსტრუმენტებს ჟურნალისტების დასაშინებლად და გასაჩუმებლად. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაკავება არ არის ერთადერთი მიზეზი, ის არის ამჟამინდელი უკუსვლის ძლიერი სიმბოლო და დამაჩქარებელია. შესაბამისად, მისი გათავისუფლება იქნებოდა ძლიერი პოზიტიური სიგნალი, თუმცა, თავისთავად, ეს არ იქნება საკმარისი ტენდენციის შესაცვლელად“, — აცხადებს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი.
ჟან კაველიეს აზრით, არსებობს რამდენიმე გადაუდებელი და კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას სიტუაციის გასაუმჯობესებლად:
გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და შეწყვიტოს ყველა დაუსაბუთებელი ბრალდება ჟურნალისტების მიმართ, განსაკუთრებით მათ წინააღმდეგ, ვინც საპროტესტო აქციებს აშუქებდა და ხშირად იდევნება ისეთი საეჭვო ბრალდებებით, როგორიცაა „გზის გადაკეტვა“;
გააუქმოს ან ფუნდამენტურად გადახედოს შემზღუდავ კანონმდებლობას, მათ შორის „უცხოური აგენტების“ კანონს და წესებს, რომლებიც უცხოური დაფინანსებისთვის მთავრობის თანხმობას მოითხოვს. ეს კანონები ბუნდოვანია და RSF-ის აზრით, აშკარად გამოიყენება დამოუკიდებელი მედიის დასახრჩობად;
აღადგინოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა — „მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც RSF-ის მიერ პრესის თავისუფლების „მტაცებლად“ არის მიჩნეული, უნდა შეწყვიტონ გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე, მათ შორის სასამართლოზე, კომუნიკაციების კომისიასა (ComCom) და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც სულ უფრო მეტად იქცევა ხელისუფლების რუპორად“;
პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა დაასრულონ ჟურნალისტების წინააღმდეგ მტრული და უპასუხისმგებლო რიტორიკა.
„როდესაც მაღალჩინოსნები საჯაროდ ესხმიან თავს მედიას, როგორც ეს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებში ვნახეთ, ეს ამძაფრებს შიშის კლიმატს, ახდენს ძალადობის ლეგიტიმაციას და აძლიერებს დაუსჯელობის განცდას სამართალდამცავებში თუ ქუჩაში. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოება, მათ შორის დემონსტრაციების დროს, სადაც ძალადობა მასშტაბური იყო. საქართველომ ასევე უნდა შეწყვიტოს უცხოელი ჟურნალისტებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე თვითნებური უარის თქმა. გარდა იმისა, რომ ეს აზიანებს პრესის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს, ეს პრაქტიკა ლახავს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და არღვევს მის ღიაობის ტრადიციას. ეს არის მისაღწევი ნაბიჯების მაგალითები, თუმცა მათ სჭირდებათ მკაფიო პოლიტიკური ნება იმ ღრმა და აჩქარებული უკუსვლის შესაცვლელად, რომელსაც ახლა ვაკვირდებით“, — თქვა ჟან კაველიემ ნეტგაზეთთან.