რეზოლუცია საქართველოზე – NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის გამოწვევაზე ფოკუსირების შენარჩუნების თაობაზე რეზოლუცია მოამზადა, რომელშიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს. რეზოლუციის ტექსტი ლისაბონში მიმდინარე საპარლამენტო ასამბლეაზე პოლიტიკურმა კომიტეტმა წარადგინა.

რეზოლუციის მიხედვით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, აზოვისა და შავ ზღვებში ნავიგაციის თავისუფლების შეზღუდვას და რუსეთის მუდმივ ძალისხმევას ამ ქვეყნების დესტაბილიზაციის მიზნით, მათი ევროპული და/ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის რელსებიდან გადაყვანასა და უპასუხისმგებლო ესკალაციის წახალისებას.

რეზოლუციის თანახმად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ეთნიკური კუთხით დისკრიმინაციის გამო, ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელების აუცილებლობას და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.

გარდა ამისა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს, გააძლიერონ საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალისხმევის მხარდაჭერა, საქართველოსა და უკრაინის მიმართ გამოხატონ სოლიდარობა ერთობლივი წვრთნებითა და პრაქტიკული მხარდაჭერით და გააგრძელონ რუსეთის მიერ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ნაწილების დროებითი ოკუპაციისა და უკანონო ანექსიის დაგმობა, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოში.

წინა სტატიაშისააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსებიც აწერს ხელს
შემდეგი სტატიადეკანოზი თამაზ ლომიძე: როგორც ერთი რიგითი ქართველი ვუერთდები პეტიციას