„რეზინის ტყვიების გამოყენება არღვევს დემოკრატიის პრინციპებს“ – „კანონი და სამართლი“ პანკისის მოვლენებზე

პანკისის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებზე პარტია „კანონი და სამართალი“ საგანგებო განცხდებას „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

„მიგვაჩნია, რომ პანკისის ხეობაში არსებული დაძაბულობა და მოსახლეობის პროტესტის წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალის დემონსტრირება, რომელსაც თან ახლდა ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება, არღვევს დემოკრატიის პრინციპებს და საფრთხეს უქმნის მშვიდობას.
მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა ნებისმიერ პროექტთან დაკავშირებით, მოსამზადებელ ეტაპზე განხორციელდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება, მათი აზრის გათვალისწინება და კონსესუსი.

დაუშვებლად მიგვაჩნია ძალის დემონსტრირებით და პოლიციური ღონისძიებებით ხალხთან ურთიერთობა და რადგან ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო პანკისის მოსახლეობასთან შეთანხმების მიღწევა, მიგვაჩნია, რომ გამოუსწორებელი შეცდომაა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მეციხოვნეებთან იარაღის გამოყენებით ურთიერთობა და მოვითხოვთ, ნებისმიერი გართულების, ესკალაციის და სხვა რეალური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით ხეობიდან გამოყვანილ იქნას სპეციალური რაზმი, შექმნილ იქნას კონსტრუქციული და ეფექტური მოლაპარაკების ფორმატი.

სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ მოლაპარაკების პროცესში, ვაწარმოოთ დისკუსია ჩვენს მოსახლეობასთან, რომლის შედეგებზეც ვისაუბრებთ მათთან ერთად,“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

 

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია პანკისთან დაკავშირებით ხელისუფლებას გონიერებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაპანკისის ხეობაში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის შეტაკებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებულია ავტომანქანები