პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებებსა და მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება. ხაბეიშვილის შეფასებით, ღარიბაშვილის ნაბიჯები „ქართულ ოცნებაში“ არსებულ შიდა რღვევასა და ბიძინა ივანიშვილის სისუსტეზე მიუთითებს.
„იმდენად უსუსურია რეჟიმი, რომ «მადლობა ღარიბაშვილიც» კი «ეტლიკინება» ბიძინას… რეალურად, ივანიშვილზე იშვერს ხელს, რომ მეშინია, ოჯახი არ გამინადგუროსო. ამხილა, საქმეები როგორ ლაგდება — სასამართლოში კი არა, წერილობით, შემოთვლებით, ყაჩაღურად“, — წერს ხაბეიშვილი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მმართველ გუნდში არსებული „ჯაყჯაყი“ და შიდა მხილებები ოპოზიციამ და საზოგადოებამ პროცესების მობილიზებისთვის უნდა გამოიყენოს.
ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის „უძლეველობის მითი“ მშიშარა პოლიტიკოსების შექმნილია და სინამდვილეში რეჟიმი საკმაოდ სუსტია.
ექსპრემიერმა 17-18 აგვისტოს გავრცელებულ წერილებში ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს დააკისრა. მისი თქმით, მმართველი გუნდი კორუფციული ბრალის აღიარებასა და პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლას სთხოვდა, პროცესს კი მამუკა მდინარაძე კურირებდა.















