ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე უტა ბერიას მხატვრულმა ფილმმა „ცრემლსადენი გაზი“ (Tear Gas) დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მიიღო. სურათის მსოფლიო პრემიერა 2026 წელს ფესტივალის Cineasti del Presente სექციაში შედგა.
რეჟისორმა მიღებული ჯილდო პატიმარ მათე დევიძეს მიუძღვნა:
„მინდა ეს პრიზი მივუძღვნა მათე დევიძეს, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმარია საქართველოში. ის მონაწილეობდა იმ პროტესტში, სადაც ეს ფილმი გადავიღეთ. ის იბრძოდა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის. ეს მათეს ეძღვნება“, — განაცხადა უტა ბერიამ ჯილდოს გადაცემისას.
ფილმის შესახებ: სურათის ნაწილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს არის გადაღებული. სიუჟეტის ცენტრში 16 წლის ელენე და მისი ოჯახია, რომლებიც სამოქალაქო პროტესტის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. თავისუფლებისთვის საყოველთაო ბრძოლის ფონზე, მოზარდს მოუწევს თვალი გაუსწოროს საკუთარი ოჯახის დაშლის მიზეზებს.
საპროდიუსერო კომპანია 1991 Productions: კინოკომპანია 2017 წელს ნინო ჩიჩუამ და ანა ხაზარაძემ დააფუძნეს. მათ პორტფოლიოში რამდენიმე წარმატებული პროექტია:
„გზაჯვარედინზე“ (Crossing, რეჟ. ლევან აკინი) — 2024 წელს გახსნა ბერლინალეს Panorama სექცია და Teddy Jury Award მოიპოვა.
„ცხრათვიანი კონტრაქტი“ (9-Month Contract, 2025, რეჟ. ქეთევან ვაშაღაშვილი) — პრემიერა გაიმართა CPH:DOX-ზე, სადაც ადამიანის უფლებების ჯილდო გადაეცა.
„ღიმილიანი საქართველო“ (Smiling Georgia, 2023) — პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
„დიდება დედოფალს“ (Glory to the Queen, 2021) — დასახელდა წლის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად საქართველოში.















