კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა წამებისა და ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას ეხმაურება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ნათლად აჩვენებს, რომ ძალოვან უწყებებში არსებული უმძიმესი მდგომარეობა კვლავ ძირეულ, სისტემურ პრობლემად რჩება.
გეგელია ხაზს უსვამს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული საპასუხო განცხადების შინაარსს და მიიჩნევს, რომ უწყებამ პასუხისმგებლობის არიდების ნაცვლად, დანაშაულის არსებობა თავადვე დაამოწმა.
“კადრები ადასტურებს იმას, რომ სისტემური დანაშაული არსად წასულა, სისტემა არის ისეთივე გამომპალი, როგორც ის, ოდიდთგანვე, სამწუხაროდ, იყო, იმიტომ, რომ არავითარი სისტემური რეფორმა არ განხოციელებულა. ჩვენ ვნახეთ შსს-ს შემზარავი განცხადება, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს გარემოებას, იმიტომ, რომ შსს-მ აღიარა პირდაპირ, რომ კადრები არის ნამდვილი და აღიარა აგრეთვე ის, რომ მინიმუმ, 4 წლის განმავლობაში ეს სადისტები თავიუსფლად გადაადგილდებოდნენ, კვლავა ირიცხებოდნენ პოლიციელტა რიგებში, ჰქონდათ მთელი ის უფლებამოსილებათა მანდატი, რაც გააჩნია სამართალდამცავ ოფიცერს. ის, რომ ეს კადრები ვრცელდება, მოწმობს ერთადერთს, რომ ეს რეჟიმი იშლება შიგნიდან, – ამბობს გეგელია.
TV პირველის „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, ჟურნალისტებმა მოიპოვეს ვიდეომასალები, რომლებშიც, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებებში მოქალაქეების მიმართ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული. რეპორტაჟის თანახმად, კადრები თავად სამართალდამცველების მიერ იყო გადაღებული და შიდა ჩატებში ვრცელდებოდა. ამ ეტაპზე მოპოვებულია ხუთი ვიდეო, სადაც მინიმუმ სამი სავარაუდო დაზარალებული ფიგურირებს.
მასალები გამომძიებელ ჟურნალისტებს გიორგი კვიცარაძის ოჯახმა გადასცა. ოჯახის მტკიცებით, კვიცარიძემ პოლიციელების შიდა მიმოწერების ჩატიდან ათეულობით ვიდეოფაილი ჩამოტვირთა, რის შემდეგაც დააკავეს. დედა შვილის დაკავების მიზეზად სწორედ აღნიშნული მასალების გავრცელებას ასახელებს. ერთ-ერთ ვიდეოში, გავრცელებული ინფორმაციით, ჩანს ფიზიკური ძალადობისა და იძულების ფაქტი. ასევე შესაძლებელია სავარაუდო მონაწილე პოლიციელების ამოცნობა ხმებითა და გამოსახულებით.














